პრემიერლიგაში, კლუბებისთვის ქულების ჩამოკლების ნაცვლად, „ფუფუნების გადასახადის“ შემოღებას აპირებენ #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ, ფინანსური დარღვევებისთვის ქულების ჩამოკლების ნაცვლად, შესაძლოა, „ფუფუნების გადასახადი“ შემოიღოს.
როგორც გაზეთი Daily Mail-ი წერს, „ევერტონისა“ და „ნოტინგემ ფორესტისთვის“ ქულების ჩამოკლებამ გამოიწვია ის, რომ პრემიერლიგის კლუბებმა და, მათ შორის, გრანდებმა არ მოისურვეს ზამთარში ახალი ფეხბურთელების გაფორმება. ამან ლიგის ხელმძღვანელობის ნაწილი აიძულა, ეღიარებინა, რომ პრემიერლიგის ამჟამინდელი ფინანსური წესები „არ პასუხობს დასახულ მიზნებს“.
ასევე, ჩინოვნიკები შიშობენ, რომ ლიგა ვეღარ შეძლებს ძვირადღირებული ფეხბურთელების გაფორმებას, რამაც შეიძლება, მსოფლიოში პრემიერლიგის პოზიციები დააზარალოს.
იტყობინებიან, რომ, ნაცვლად შემოსავლისა და მყარი განვითარების წესებისა, რომელთა დარღვევა ითვალისწინებს ცხრილში ქულების ჩამოკლებას, ლიგა აპირებს შემოიღოს „ფუფუნების გადასახადი“ კლუბებისთვის, რომლებიც აჭარბებენ დანახარჯების გარკვეულ ლიმიტს. ამასთან, „ფუფუნების გადასახადი“ გაიზრდება კლუბების დანახარჯების ზრდასთან ერთად.
პრემიერლიგა მოხიბლულია მსგავსი მაგალითებით NBA-სა და MLB-ში (ბეისბოლის ლიგა) – იქ „ფუფუნების გადასახადის” შემოღებამ თანხების ზედმეტი ხარჯვა კიდევ უფრო დაამძიმა, მაგრამ შესაძლებელი გახადა. ასეთმა ვარიანტმა უნდა უშველოს ინგლისურ კლუბებს, რომ დამაჯერებლობა დაიბრუნონ და ფულის ხარჯვა დაიწყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც DM-ის ჟურნალისტმა, მაიკ კიგანმა თქვა: „პრემიერლიგას დაცემა ელოდება, რადგან მას არ შეეძლება საუკეთესო მოთამაშეების შეძენა“.
ამ გზით მიღებული თანხები შეიძლება გადანაწილდეს იმ კლუბებს შორის, რომლებიც იცავენ ფინანსურ წესებს, ან გაიგზავნოს საგანგებო ფონდში იმ კლუბების დასახმარებლად, რომლებიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არიან.
აღნიშნავენ, რომ ამ მომენტისთვის 20-დან 17 კლუბი ასეთი რეფორმის მხარდაჭერით გამოდის, ამასთან, ცვლილების შესატანად საჭიროა, მინიმუმ, 14 გუნდის მხარდაჭერა. გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბების სხდომაზე.
რა თქმა უნდა, არსებობს შიში. მიაჩნიათ, რომ, ახალი წესის მიხედვით, უდიდეს უპირატესობას მიიღებენ გუნდები დიდი ბიუჯეტებით, მაგალითად, „მანჩესტერ სიტი“. ასეთ კლუბებს შეუძლიათ, დახარჯონ დიდ თანხები შემადგენლობის გასაძლიერებად, გადაიხადონ ჯარიმა და გააგრძელონ დომინირება. ამიტომაც ქულების ჩამოკლების წესის შენარჩუნებას აპირებენ განსაკუთრებულად „ბოროტი“ დამრღვევებისთვის.