პრემიერლიგამ „ნიუკასლის“ მფლობელებს კლუბის გაყიდვაზე თანხმობა მისცა
პრემიერლიგამ „ნიუკასლის“ მფლობელებს კლუბის გაყიდვაზე თანხმობა მისცა

პრემიერლიგამ კლუბის მფლობელებს „ნიუკასლის“ საუდის არაბეთის კონსორციუმზე გასხვისების უფლება მისცა. ხელშეკრულების სავარაუდო ფასი 300 მილიონი ფუნტი სტერლინგია. აღნიშნულ ინფორმაციას პოპულარული გამოცემა „სანი“ (The Sun) ავრცელებს.

გასაგები მიზეზების გამო, ინგლისური კლუბის გასხვისება დროში გაიწელა, თუმცა ამანდა სტევლიმ, რომელიც საუდის არაბეთის კონსორციუმს წარმოადგენს, განაცხადა, რომ პრემიერლიგამ შეაფასა ხელშეკრულების პირობები და დარღვევა ვერ აღმოაჩინა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მხარე თანხების მობილიზებას მოახდენს და შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება, „ნიუკასლი“ ოფიციალურად გადავა ახალი მფლობელების ხელში. სავარაუდოდ, ოფიციალურ განცხადებას მხარეები პირველ ივნისს გამოაქვეყნებენ.

საგულისხმოა, რომ გულშემატკივრები კლუბის წარუმატებლობას წინა მფლობელს, კერძოდ მაიკლ ეშლის აბრალებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ეშლი კლუბში საკმარის ინვესტიციას არ აბანდებდა. „ნიუკასლის“ გასხვისების შემთხვევაში, ფინანსური პრობლემები წარსულში დარჩება, რადგან გუნდზე საუდის არაბეთის საჯარო ინვესტირების ფონდი და ბრიტანელი მილიარდერები – დევიდ და სიმონ რუბნები იზრუნებენ. კლუბში იმედი აქვთ, რომ „ნიუკასლი“ კვლავ მაღალი მიზნებისთვის ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგის მოგების პრეტენდენტი გახდება.