პრემიერის წლიური ანგარიშის მიხედვით, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების მიზნით
პრემიერის წლიური ანგარიშის მიხედვით, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების მიზნით

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა, საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეებზეც.

„მიმდინარეობდა აქტიური სამუშაოები სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის საქმეზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“, დაზარალებულთა იდენტიფიცირებისა და მათ მიერ განცდილი ზიანის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვების მიზნით. საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. მიმდინარე წლის 20 იანვარს საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა „სამართლიან დაკმაყოფილებასთან“ (დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი) დაკავშირებით სამართლებრივი პოზიცია და თანდართული კომპლექსური მტკიცებულებები. სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე მხარეთა პოზიციების შესწავლის შემდგომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთის ქმედებებით დაზარალებული საქართველოს მოსახლეობისათვის გადასაცემი კომპენსაციის ოდენობის თაობაზე, რომლის აღსრულებაზეც ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს.

გრძელდება საქართველოს ინტერესების დაცვა სახელმწიფოთაშორის დავაზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. მეოთხე სახელმწიფოთაშორისი დავის განხილვა დროებით შეჩერებული იყო „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა 2021 წლის 25 მაისს განახლდა და ამჟამად მიმდინარეობს მხარეებს შორის პოზიციების გაცვლის პროცედურები“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ აქტიურ ფაზაშია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გამოძიება.

„2022 წლის 10 მარტს „აგვისტოს ომის“ დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა სამი ბრალდებულის (ცხინვალის დეფაქტო „ხელისუფლების“ წარმომადგენლების) მიმართ. გამოძიების ფარგლებში აგრეთვე გამოიკვეთა მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორისა და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის (აწ გარდაცვლილის) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას. დაპატიმრების ორდერების აღსრულების მიზნით, საქართველო სრულად ითანამშრომლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან“, – ნათქვამია პრემიერის ანგარიშში.