პრემიერის მრჩეველი - მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ეგუება შედეგებს, რომელიც 11 წლის წინ დადგა
პრემიერის მრჩეველი - მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ეგუება შედეგებს, რომელიც 11 წლის წინ დადგა

დარწმუნებული ვართ, თანმიმდევრულად, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას, – ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ერთობლივი განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ საკითხში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო და დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ეგუება იმ შედეგებს, რომელიც დადგა 11 წლის წინ ოკუპაციის შედეგად. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს.