პრემიერის ანგარიში - სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარების ფონზე საქართველო კვლავაც ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და მდგრადი მშვიდობისთვის
გასულ წელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარების ფონზე საქართველო კვლავაც ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის, გახდეს დამატებითი ადგილი მეზობლებისთვის, სადაც მხარეებს შეუძლიათ, განიხილონ ნებისმიერი აქტუალური თემა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ შორის ნდობის ჩამოყალიბებასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას.
„სწორედ ამის დასტური იყო თბილისში გამართული სამმხრივი (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე. შეხვედრა ემსახურებოდა იმ პოტენციური სფეროების გამოვლენას, სადაც შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა განხორციელდება. შეჯერდა რამდენიმე მიმართულება სამომავლო ერთობლივი საქმიანობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თურქეთის რესპუბლიკასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკასთან აკავშირებს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. თურქეთსა და აზერბაიჯანთან პარტნიორობას კიდევ უფრო აღრმავებს არსებული რეგიონული სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.