პრემიერ-მინისტრთან უთანხმოების გამო ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალიენე თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს
პრემიერ-მინისტრთან უთანხმოების გამო ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალიენე თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს

პრემიერ-მინისტრთან უთანხმოების გამო ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალიენე თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მას არ შეუძლია, გააგრძელოს საქმიანობა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინიენემ საჯაროდ გამოთქვა მერყევი ნდობა მისი ლიდერობის მიმართ.

„მე მაქვს განცხადების პროექტი და მას დღეს პრეზიდენტთან განვიხილავ. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ ჩემი გადაწყვეტილება შევცვალო. ეს პოლიტიკაა – პრემიერ-მინისტრისა და პარტიის ლიდერის ნდობა არის ის, რაც არსებითად განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა თქვენზე კონკრეტული სამუშაოს დელეგირება. ვერ ვხედავ ისეთ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას, სადაც ნდობა არ არის“, – აღნიშნა დოვილე შაკალიენემ.

გასულ კვირას ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, რუგინიენემ მინისტრ შაკალიენესგან ახსნა-განმარტება მოითხოვა თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალური მედიის ინფლუენსერებისთვის 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩატარებულ არაფორმალურ ბრიფინგთან, ასევე თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან მის სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით.

20 ოქტომბერს რუგინიენემ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავდაცვის ინდუსტრიის ზედამხედველობის პასუხისმგებლობას.