პრემიერ-მინისტრის დავალებით ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა
პრემიერ-მინისტრის დავალებით ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკრეტული წინადადებები პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მთავრობის მეთაურს საკოორდინაციო ჯგუფმა წარუდგინა, რომლის შემადგენლობაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები შედიან.

„საკოორდინაციო ჯგუფი არსებული ვითარების შესასწავლად ზამთრის კურორტებზე გასული კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. შედეგად, კონკრეტულად გაიწერა შესასრულებელი სამუშაოები, ვადები და პასუხისმგებელი მხარეები“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრმა უწყებებს მოუწოდა, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ, რათა გამოწვევები, რომლებიც გასული სეზონების განმავლობაში გამოიკვეთა, მინიმუმამდე შემცირდეს. მათ შორის არის საპარკინგე ადგილების რაოდენობა, გზების წმენდის ინტენსივობა, ვიზიტორების მომსახურება და ჯანდაცვის სერვისები.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად გაწერილი გეგმით, რათა სეზონი ჩავატაროთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენი მთის კურორტების რეპუტაციას, სახელს და ისე, როგორც ამას ჩვენი თითოეული მოქალაქე, ტურისტი და ჩვენი ქვეყნის სტუმრები მოელიან”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები შედიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, უწყებები ზამთრის სეზონის განმავლობაში კოორდინირებულ რეჟიმში იმოქმედებენ, რათა კურორტების მართვის ეფექტიანობა გაიზარდოს.