პრემიერ-მინისტრის ანგარიში - რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად არის დასმული ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე
პრემიერ-მინისტრის ანგარიში - რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად არის დასმული ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანა ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო ასპარეზზე პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისა და საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემის აქტიურად დაყენების მიზნით.

საგარეო პოლიტიკასა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუდმივ რეჟიმში ხდება პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ასევე მიმდინარეობს ინფორმირება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე; ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს განვითარებული უკანონო პროცესების თაობაზე — მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების, მათ შორის, 21 – 26 სექტემბერს „კავკასია 2020“- ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარების, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების გატაცების/უკანონო დაკავებების, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებზე, ასევე რუსეთის მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ.

„რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად არის დასმული ორმხრივ ფორმატში გამართულ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, პოლიტიკური კონსულტაციებისა და სტრატეგიული დიალოგების ფარგლებში. ასევე, ეფექტიანად არის გამოყენებული გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს, საქართველო- ევროკავშირისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატები. საქართველოს ხელისუფლების ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები ასახულ იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დოკუმენტში. მათ შორის, გაერო-ს გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციებში, გაერო-ს გენერალური მდივნისა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშებში, ევროპის საბჭოს მინისტრის მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებებსა და გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებებში, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშებსა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში”, – აღნიშნულია დოკუმეტში.