პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის წინააღმდეგ ბუდაპეშტში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის წინააღმდეგ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მორიგი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაში დაახლოებით 2 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიის, „იმპულსის“ აქტივისტები სკანდირებდნენ: „ევროპა“ და „სირცხვილი „ფიდესს““.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორები ამტკიცებდნენ, რომ პრაიდის ღონისძიებები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ბავშვებისთვის და, აკრძალვის მიუხედავად, ისინი გეგმავენ ღონისძიების ჩატარებას.
შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. მმართველი პარტიის ამ ინიციატივის მომხრე 136 დეპუტატი იყო, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის შეიძლება ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს.