პრაღაში ჩეხეთის პრემიერ ანდრეი ბაბიშის მოწინააღმდეგეთა მასშტაბური აქცია გაიმართა
პრაღაში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ორგანიზატორთა მონაცემებით, საპროტესტო აქციაში 250 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
აქციის მონაწილეები ანდრეი ბაბიშს ულტიმატუმს უყენებენ. მათი მოთხოვნით, პრემიერმა იუსტიციის მინისტრი უნდა გადააყენოს და ჰოლდინგ „აგროფერტზე“ უარი თქვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, 31 დეკემბრამდე თანამდებობა დატოვოს.
„შესანიშნავია, რომ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოთქმა და მათ არავინ დევნის, არავინ ესხმის თავს. ნამდვილად შესანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, სადაც შეგვიძლია თავისუფლად ავირჩიოთ ჩვენი წარმომადგენლები“, – ასე გამოეხმაურა ანდრეი ბაბიში პრაღაში გამართულ დემონსტრაციას.
ბაბიშის წინააღმდეგ ჩეხეთში საპროტესტო გამოსვლები აპრილიდან იმართება.
მილიარდერ ანდრეი ბაბიშს 2007 წელს ევროკავშირის მიერ მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად გამოყოფილი სუბსიდიების თავისი ჰოლდინგისთვის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. საუბარია დაახლოებით ორ მილიონ ევროზე. თავად ბაბიში დანაშაულს უარყოფდა და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. 2019 წლის სექტემბერში პრაღის სახელმწიფო პროკურორმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება შეწყვიტა. მანამდე, პრემიერის ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ბაბიშის მიერ იუსტიციის მინისტრად დანიშნული მარია ბენეშოვა პრემიერის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების მიუკერძოებლობას ვერ უზრუნველყოფდა.