პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი - იმედი მაქვს, მომავალი წლის ბოლომდე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული
პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი - იმედი მაქვს, მომავალი წლის ბოლომდე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

ევროინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ვიტყოდი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. შესაბამისად, იმედი მაქვს, მომავალი წლის ბოლომდე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, – ამის შესახებ პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ავგუსტო სანტოს სილვამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ავგუსტო სანტოს სილვას თქმით, პორტუგალიაში მიესალმებიან საქართველოს სწორად დაბალანსებულ პოზიციას სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე საკითხების ირგვლივ, ასევე უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის კონტექსტში.

როგორც პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი აღნიშნავს, პორტუგალია საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობასა და სიახლოვეს დადებითად აფასებს.

„ჩვენ ვიზიარებთ ერთნაირ  ღირებულებებს — პოლიტიკური, დიპლომატიური თუ კულტურული გადმოსახედიდან. ჩვენ, გარკვეულწილად, გეოგრაფიულ სიმეტრიაშიც ვიმყოფებით, ვგულისხმობ, პორტუგალიას და აღმოსავლეთ ევროპას და საქართველოს — აღმოსავლეთ ევროპაში.

მე დადებითი შეფასება მივეცი საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობასა და სიახლოვეს, მათ შორის ევროკავშირთან, უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით. აღსანიშნავია საქართველოს სწორად დაბალანსებული პოზიცია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე საკითხების ირგვლივ, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის კონტექსტში. ამ ყველაფერს სათანადოდ ვაფასებთ პორტუგალიაში.

აღსანიშნავია ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სადაც კიდევ უფრო უკეთ იკვეთება საქართველოს პერსპექტივა. ის ფაქტი, რომ საქართველომ მიაღწია შიდა კონსენსუსს ევროპული ოჯახის წევრობასთან დაკავშირებით, არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის“, – განაცხადა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა.

პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.