პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - არ ვნანობ, რონალდო სათადარიგოებში რომ დავსვი #1TVSPORT
პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტოშმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში მაროკოსთან მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა შეხვედრის დასაწყისში კრიშტიანო რონალდოს სათადარიგოთა სკამზე დატოვების გადაწყვეტილების შესახებ.
ლეგენდარული პორტუგალიელი ფორვარდი მოედანზე მხოლოდ 51-ე წუთზე გამოვიდა, მაგრამ თამაშის ბედის შეცვლა მანაც ვერ მოახერხა.
„რონალდო სკამზე რომ დავსვი, არ ვნანობ. შვეიცარიასთან მატჩში გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. კრიშტიანო დიდი ფეხბურთელია. ის თამაშში მაშინ შემოვიდა, როცა მივხვდით, რომ ეს ნამდვილად საჭირო იყო. ამიტომ არ ვნანობ“, – ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს ჟურნალისტი ალფრედო პედულა.
პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა მაროკოსთან წაგებასა და მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნაზეც ისაუბრა:
„ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. გუნდი თავდაჯერებული და მხიარული იყო, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით მოგება. ფეხბურთელებმა ბევრი იმუშავეს, მაგრამ პირველ ტაიმში კრეატიულობა დაგვაკლდა მაროკოს დაცვის გასახსნელად. საბოლოოდ, გოლი გავუშვით. მაროკო თავს კარგად იცავდა. განსაკუთრებით ბოლო 20 წუთში შევუტიეთ, ძალიან ვნერვიულობდით, გვინდოდა, ბურთი რაც შეიძლება სწრაფად შეგვეტანა საჯარიმოში. ძალიან იმედგაცრულებულები ვართ. ამ თაობის ბრძოლა ამით არ მთავრდება, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რამე კარგი გააკეთონ პორტუგალიური ფეხბურთისთვის. დიდი ძალისხმევა დაიხარჯა, დარწმუნებული ვიყავით, რომ ფინალში გავიდოდით და გავიმარჯვებდით“.
ნახევარფინალში, სენსაციურად, მაროკოს ნაკრები გავიდა, სადაც ინგლის-საფრანგეთის წყვილის გამარჯვებულთან ითამაშებს. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ხორვატიისა და არგენტინის ნაკრებები ითამაშებენ. ტურნირის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება.