პორტუგალიის ენერგეტიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვა, შესაძლოა, ესპანეთის ელექტროქსელში გაუმართაობას უკავშირდებოდეს, მიწოდების აღდგენას კი ერთი კვირა დასჭირდება
პორტუგალიის ენერგეტიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი, შესაძლოა, ესპანეთის ელექტროქსელში არსებულ გაუმართაობას უკავშირდებოდეს, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება.
კერძოდ, პორტუგალიის ენერგეტიკულ კომპანიაში განმარტეს, რომ მაღალი ძაბვის ხაზების დაზიანება, შესაძლოა, „ესპანეთის შიდა ტერიტორიაზე ტემპერატურის ექსტრემალურ ცვლილებებს უკავშირდებოდეს“. მათივე თქმით, ეს ფენომენი ცნობილია, როგორც „ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია“.
„ამ რხევებმა გამოიწვია სინქრონიზაციის შეფერხებები ელექტროსისტემებს შორის და თანმიმდევრული დარღვევები ურთიერთდაკავშირებულ ევროპულ ქსელში“, – ნათქვამია პორტუგალიის ენერგეტიკული კომპანიის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ფენომენის სირთულის და საერთაშორისო დონეზე ელექტროენერგიის ნაკადების დაბალანსების საჭიროების გამო ქსელის სრული ნორმალიზაცია, შესაძლოა, ერთი კვირა გაგრძელდეს“.
შეგახსენებთ, ესპანეთსა და პორტუგალიაში დღეს ელექტროენერგია გაითიშა, რასაც ორივე ქვეყანაში პრობლემები მოჰყვა. შეფერხებებია ტრანსპორტის გადაადგილებაში, აეროპორტებში არ სრულდება რეისები, პრობლემებია ინტერნეტისა და მობილური სატელეფონო კავშირის კუთხით. ესპანეთის ელექტროკომპანიაში განაცხადეს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას 6-10 საათი დასჭირდება.