ნუნუ პინტუს, რომელიც პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ „ვიტორია სეტუბალში“ გამოდის, კიბოს დიაგოზი დაუსვეს.
ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც თავად ფეხბურთელმა, მისმა თანაგუნდელებმა და კლუბის სამწვრთნელო შტაბმა ერთობლივი საგანგებო პრეს-კონფერენცია გამართეს.
32 წლის ფეხბურთელმა ემოციები ვერ მოთოკა და ტირილი დაიწყო, ამიტომ მის მაგივრად არსასიამოვნო ამბავი ჟურნალისტებს მისმა თანაგუნდელმა, ვასკო ფერნანდეშმა მიაწოდა.
„ის მეომარია და ჩვენც მის გვერდით ვართ. ის ერთ-ერთი ჩვენგანია, ჩვენ კი ჩვენიანებს არასდროს ვტოვებთ გასაჭირში. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და მამაა. ცოტა ხანში, ჩვენ ამ ამბავს გავიხსენებთ, როგორც მის მიერ მოგებულ კიდევ ერთ ბრძოლას“, – თქვა ფერნანდეშმა.
ვიტორია სეტუბალის ექიმის თქმით, ლიმფომის ტიპი და ხასიათი ჯერ კიდევ დასადგენია.
ნუნუ პინტუსადმი მხარდაჭერა პორტუგალიური გრანდის, „პორტუს“ ფეხბურთელებმაც გამოხატეს. საკუთარ „ტვიტერზე“ მათ ფოტო გამოაქვეყნეს 21-ნომრიანი მაისურით და გამამხნევებელი სიტყვები მიაწერეს.