პორტუგალია: პოლიციამ ატლანტის ოკეანეზე გამავალი კოკაინის კონტრაბანდის მარშრუტი გამოავლინა და აღკვეთა

18:20, 24.06.2026

პორტუგალიის იუსტიციის პოლიციამ (PJ – Polícia Judiciária) ატლანტის ოკეანეზე გამავალი „კოკაინის ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი მარშრუტი“ გამოავლინა და აღკვეთა. ოპერაციის შედეგად, ამოღებულია 465 კილოგრამი კოკაინი, 42 კილოგრამი ჰაშიში, ორი სწრაფმავალი კატარღა და 800 ლიტრი საწვავი.

პორტუგალიის იუსტიციის პოლიციის (PJ) ხელმძღვანელობით და ევროპოლის მხარდაჭერით ჩატარებული ოპერაცია „Azul 2.0“-ის ფარგლებში, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ნარკოტიკებთან ბრძოლის საზღვაო ოპერაციების ცენტრი (MAOC-N) და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო (Frontex), ატლანტის ოკეანის სხვადასხვა რაიონში მოხდა საზღვაო საშუალებების მობილიზება იმ საეჭვო გემების აღმოსაჩენად და დასაკავებლად, რომლებიც ლათინური ამერიკიდან ევროპაში კოკაინის ტრანსპორტირებაში იყვნენ ჩართული იყვნენ და ნარკოტიკების გადაზიდვის რთულ სქემებში მონაწილეობდნენ.

ოპერაციის ოპერატიულ ფაზა 27 მაისიდან 15 ივნისამდე გრძელდებოდა. ამ პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევა კონცენტრირებული იყო აღმოსავლეთ ატლანტიკის დერეფანზე, რომელიც კანარის კუნძულებს (ესპანეთი) და პორტუგალიის არქიპელაგებს – მადეირასა და აზორის კუნძულებს შორის მდებარეობს.

ამ პერიოდში სამართალდამცავებმა ამოიღეს 465 კილოგრამი კოკაინი, 42 კილოგრამი ჰაშიში, ორი სწრაფმავალი კატარღა და 800 ლიტრი საწვავი. ოპერაციის ფარგლებში ასევე დააკავეს სამი პირი და შემოწმდა ექვსი გემი.

ოპერაციას ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა პორტუგალიის იუსტიციის პოლიცია, რომელიც ესპანეთის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციის უწყებებთან თანამშრომლობდა. მთელი ოპერაციის განმავლობაში MAOC-N-ი უზრუნველყოფდა ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ხოლო FRONTEX-ი – საჰაერო რესურსების მობილიზებას.

გარდა ამისა, ოპერაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, ევროპოლი უწყვეტ მხარდაჭერას უწევდა მონაწილე მხარეებს და ამოწმებდა ოპერატიულ მონაცემებს იმ ხომალდების შესახებ, რომლებიც მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ ან დაკავებულები იყვნენ.

„კოკაინის მაგისტრალი“

როგორც იუსტიციის პოლიცია განცხადებაშია აღნიშნული, ამ ოპერაციაში ჩართული ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი სხვადასხვა ქვეყნის უწყებების ერთობლივმა ძალისხმევამ ე.წ. ‚კოკაინის მაგისტრალს“ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ამჟამად მთავარი ამოცანაა, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, იმ კრიმინალური ქსელების ბოლომდე გამოვლენა და ლიკვიდირება, რომლებიც ამ ტრანსატლანტიკურ ნარკოტრანზიტს მართავენ.

ოპერაციის შედეგად, სამართალდამცავმა ორგანოებმა დაასკვნეს, რომ „კრიმინალური ქსელები სულ უფრო ხშირად მიმართავენ კოკაინის საზღვაო გზით გადაზიდვას, რათა მსხვილ პორტებში სამართალდამცავების მოქმედების არეალი შეამცირონ“. ამ მიზნით, მათ ტვირთები ამჟამად, ატლანტის ოკეანის გავლით, რამდენიმე ეტაპად გადააქვთ.

რისკების შემცირებისკენ მიმართული ეს მოდელი, „უკანონო ტვირთის რამდენიმე ხომალდსა და ეკიპაჟს შორის განაწილების“ პრინციპს ეფუძნება.

მარშრუტი იწყება ე.წ. „დედა-გემებით“ (mother ships), რომლებიც კოკაინით ლათინურ ამერიკაში იტვირთებიან და კონტეინერმზიდების, მყარი ტვირთის გადამზიდი გემებისა და მცირე არასავაჭრო ხომალდების გამოყენებით, საერთაშორისო წყლებში ასეულობით ან ათასობით საზღვაო მილს გადიან.

მარშრუტის გარკვეულ მონაკვეთზე, ღია ზღვაში ხდება საქონლის გადატვირთვა – ნარკოტიკები გადააქვთ მაღალსიჩქარიან ხომალდებზე, რომლებსაც დიდი საზღვაო მონაკვეთების გავლა მოკლე დროში შეუძლიათ. ბოლო ეტაპზე კი კოკაინი უფრო მცირე ზომის ნავებზე ხვდება, რომელთა გამოყენებით ტვირთი მიდის იზოლირებულ სანაპირო ზონებში, პატარა ნავმისადგომებსა და ნავსადგურებში, ან პირდაპირ პლაჟებზე გადმოიტვირთება.

სამართალდამცავი ორგანოების შეფასებით, კანარის და აზორის კუნძულებს შორის არსებული საერთაშორისო წყლები „კრიმინალური ქსელების მიერ კოკაინის ფართომასშტაბიანი გადატვირთვის ოპერაციებისთვის გამოიყენება“, რადგან ისინი ამ ტერიტორიის იზოლირებული მდებარეობითა და საზღვაო მეთვალყურეობასთან დაკავშირებული ოპერატიულ სირთულეებით სარგებლობენ. ატლანტიკის ეს დერეფანი, ევროპაში კოკაინის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ხომალდების რაოდენობის ზრდის გამო, „კოკაინის მაგისტრალის“ სახელით გახდა ცნობილი.

„ოპერაციაში მონაწილე ყველა ქვეყანა გააგრძელებს ოპერაციის დროს მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის ანალიზს, მიმდინარე გამოძიებების მხარდასაჭერად, კრიმინალური ქსელების გამოსავლენად და კოკაინის საზღვაო მარშრუტების წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად“, – აცხადებენ ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი სამართალდამცავი უწყებები.

სტატიის და ფოტოს ავტორი: პორტუგალიის ტელე-რადიო მაუწყებელი (RTP – Rádio e Televisão de Portugal);
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 24 ივნისი 2026, 14:07 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი