20 ივნისი. მოსკოვი. სტადიონი “ლუჟნიკი”. დასაწყისი – 16:00
მსაჯი: მარკ გაიგერი (აშშ)
პორტუგალიელებმა საკმაოდ კარგი თამაში აჩვენეს პირველ ტურში: უხვგოლიანი ფრე ესპანელებთან, რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს დამსახურებაა, რომელმაც გაიტანა პენალტიდან, თამაშიდან და საჯარიმოდან. ბუნებრივია, “რეალის” ფორვარდის ასეთი ფორმა, თამაშამდე აშინებს მაროკოს ნაკრებს.
აფრიკულმა გუნდმა, პირიქით, იმედგაცრუება მოიტანა – მაროკომ ირანთან წააგო 95-ე წუთზე გატანილი სულელური ავტოგოლით. პორტუგალიასთან წაგების შემთხვევაში, მაროკოელებმა ჩემოდნების ჩალაგება უნდა დაიწყონ.
პირველი ტურის მატჩები
ესპანეთი-პორტუგალია 3:3
გოლები: 0:1 რონალდუ (4-პენალტით), 1:1 დიეგო კოშტა (24), 1:2 რონალდუ (44), 2:2 დიეგო კოშტა (55), 3:2 ნაჩო (58), 3:3 რონალდუ (88)
მაროკო-ირანი 0:1
გოლი: 0:1 ბუჰადუზი (90+5-ავტოგოლი)
ახალი ამბები
პორტუგალიაში ტრავმირებული აღარ დარჩა და შესაძლოა, დაცვაში ჟოზე ფონტე ბრუნო ალვეშმა შეცვალოს.
გარემარბ ბრუნო ფერნანდეშის ნაცვლად, იგეგმება ჟელსონ მარტინშის ან ჟოაო მარიოს გამოყვანა.
მაროკოს დააკლდება მარჯვენა გარემარბი ნორდინ ამრაბატი, რომელმაც პირველ ტურში ტვინის შერყევა მიიღო. სავარაუდოდ, მას ძმა – სოფიან ამრაბატი შეცვლის.
ბოლომდე ისევ არ არის მზად ნაბილ დირარი.
ურთიერთშეხვედრები
პორტუგალია და მაროკო ისტორიაში მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – 1986 წლის ჩემპიონატზე ჯგუფში მაროკომ 3:1 მოიგო.
საინტერესო ფაქტები
– მაროკო ბოლო 20 მატჩია ერთ გოლზე მეტს არ უშვებს საკუთარ კარში.
– პორტუგალიას 2002 წლის შემდეგ არ წაუგია მსოფლიოს ჩემპიონატებზე არაევროპულ გუნდებთან (+5=3).
– მაროკოს ირანთან წაგებულ მატჩში ბურთის ფლობის 68 პროცენტი ჰქონდა.
– შეხვედრის არბიტრი, ამერიკელი მარკ გაიგერი ნიუ ჯერსის შტატის საშუალო სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა. 2009 წელს, ის 103 მასწავლებელს შორის მოხვდა, რომლებმაც პრეზიდენტის პრემია მიიღეს მათემატიკის დარგში მიღწევებისთვის.
რა თქვეს მწვრთნელებმა
ფერნანდო სანტუში (პორტუგალია):
“გუნდი მზად არის ბრძოლისთვის. მაროკო – შესანიშნავი გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო აფრიკაში. მას გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს, ფეხბურთელები ევროპულ კლუბებში თამაშობენ. კარგად ორგანიზებულ გუნდთან გვექნება საქმე, რომელიც ბევრს უტევს ფლანგებიდან, ბევრს იბრძვის და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენც მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს”.
ერვე რენარი (მაროკო):
“ხვალ, ჩვენთვის ფინალია. სიცოცხლე უნდა გავიღოთ მინდორზე. და უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის”.
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო – სედრიკი, პეპე, ჟოზე ფონტე, რაფაელ გერეირო – ვილიამ კარვალიო, ჟოაო მოუტინიო, ადრიენ სილვა, ჟოაო მარიო – ანდრე სილვა, კრიშტიანუ რონალდუ.
მაროკო (4-5-1): ელ კაჯუი – ჰაკიმი, საისი, ბენატია, მენდილი – ალ აჰმადი, ზიეჩი, ბუსუფა, ბელანდა, ს. ამრაბატი – ბუტაიბი.