პორტუგალია და საქართველო - გუნდები, რომლებსაც ერთა ლიგის დაარსების დღიდან თამაში არ წაუგიათ
პორტუგალია და საქართველო - გუნდები, რომლებსაც ერთა ლიგის დაარსების დღიდან თამაში არ წაუგიათ

სათაური ხმაურიანია, მაგრამ ასეთია რეალობა: ერთა ლიგის დაწყებიდან დღემდე დაუმარცხებელი მხოლოდ ორი გუნდია – საქართველო და პორტუგალია.

ცხადია, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა არის – პორტუგალიელები პირველ ჯგუფში ევროგრანდების წინააღმდეგ თამაშობენ. კრიშტიანო რონალდომ და კომპანიამ ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში (2018-19) ჯგუფში 2 მატჩი მოიგეს, ამდენივე დაასრულეს ფრედ, შედეგად,  უკან მოიტოვეს იტალია და პოლონეთი. ნახევარფინალში შვეიცარია (3:1) დაამარცხეს, ხოლო ფინალში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდნენ. გუედეშის გოლით ფინალიც მოიგეს და პორტუგალია ერთა ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა. ჯამში 4 მოგება, 2 ფრე.

ერთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშებაში პირენეელებმა უკვე ოთხი მატჩი გამართეს და სამში გაიმარჯვეს (ერთი ფრე). საყურადღებოა, რომ მათ ჯგუფში სერიოზულ კონკურენტებთან უწევთ ჭიდილი – საფრანგეთთან, შვედეთთან და ხორვატიასთან.

საქართველოს ნაკრები გამარჯვებებს შედარებით სუსტ გუნდებთან აგროვებს, თუმცა ამ ეტაპზე არავის აქვს ამბიცია, რომ გერმანიისა თუ პორტუგალიის დონის გუნდია. ჩვენი ნაკრები შედეგებს ნელ-ნელა აუმჯობესებს. 2018-19 წლების სეზონში რანგით მეოთხე, D ჯგუფში იყო, სადაც დაჯაბნა ლატვია, ყაზახეთი, ანდორა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამას მოჰყვა ნახევარფინალში ბელარუსთან გამარჯვება, ხოლო ფინალს მთელი საქართველო მოუთმენლად ელის – საქართველო მაკედონიას 12 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ასე და ამგვარად: 6 მოგება, 1 ფრე 2018-19 წლების ერთა ლიგაში.

ამასობაში სტარტი აიღო ერთა ლიგის მეორე გათამაშებამ, რომელშიც ჩვენი გუნდი C ჯგუფშია დაწინაურებული. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა მაკედონიასთან ორი მატჩი გამართეს (ორივე ფრე), ესტონეთსა და სომხეთს სტუმრად ეთამაშნენ. საქართველოს ნაკრებმა ოთხიდან სამ მატჩში ფრე დააფიქსირა, ერთი მოიგო და 5 ქულით ჯგუფს მაკედონიასთან ერთად ლიდერობს. ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა დარჩენილ ორ ტურში გაირკვევა.