„პოლიტიკო“ – აუდიტორების მოსაზრებით, ევროკავშირის ახალი ბიუჯეტში გაწერილი წესები კორუფციის გამოვლენას გაართულებს
ევროკავშირის სახსრების განაწილებისას მეტმა მოქნილობამ, შესაძლოა, გადასახადის გადამხდელთა ფულის კონტროლი გაართულოს და კორუფციის გამოვლენას ხელი შუშალოს,- ამის შესახებ ევროპის აუდიტორული სასამართლოს პრეზიდენტმა, ტონი მერფიმ განაცხადა.
მერფის შეფასებით, ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის რეფორმის გეგმის ძირითადი პრინციპები გაართულებს იმ ორგანოების მუშაობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გადასახადის გადამხდელთა ფულის დანიშნულებისამებრ ხარჯვის კონტროლზე.
„ჩვენთვის ფულის მოძრაობის თვალყურის დევნება უფრო რთული ხდება“, – განაცხადა მერფიმ.
მისივე თქმით, ახალი მოდელით წევრ სახელმწიფოებს მნიშვნელოვანი თანხები გადაეცემა და ხარჯების კონტროლი თავად ქვეყნებს დაეკისრებათ. ეს კი, ფაქტობრივად, თვითკონტროლის სისტემას ქმნის.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროპის აუდიტორული სასამართლოს პრეზიდენტის ეს გაფრთხილება იმ ფონზე გაისმა, როდესაც ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები 2027 წლის შემდგომი პერიოდის მრავალწლიანი ბიუჯეტის მოცულობაზე მსჯელობას აგრძელებენ, ხოლო აუდიტორები გადასახადის გადამხდელთა ფულის არამიზნობრივად ხარჯვის შემთხვევების ზრდაზე მიუთითებენ. თუმცა დავა მხოლოდ ბიუჯეტის მოცულობას არ ეხება. მნიშვნელოვანი საკითხია თანხების განაწილებაც.
სტატიის მიხედვით, ევროკომისიას სურს, რომ ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტი უფრო მოქნილი იყოს. გეგმის თანახმად, ბიუჯეტის ნახევარი, ანუ დაახლოებით ერთი ტრილიონი ევრო, ერთიან ფონდში გაერთიანდება. წევრი ქვეყნები ამ თანხების გამოყენებას სხვადასხვა მიზნისთვის შეძლებენ, მათ შორის მიგრაციის მართვისთვის, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების მხარდასაჭერად.
ევროპის აუდიტორული სასამართლოს პრეზიდენტის, ტონი მერფის განცხადებით, წევრი სახელმწიფოებისთვის თანხების ერთი მიმართულებიდან მეორეზე გადატანისას მეტი თავისუფლების მინიჭება ხარჯების კონტროლს კიდევ უფრო გაართულებს.
„პოლიტიკოს“ მიხედვით, ევროპის აუდიტორული სასამართლოს უახლესი ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვის პრობლემა გასულ წელს გაუარესდა. აუდიტორების შეფასებით, შეცდომები ისეთ ფინანსურ ოპერაციებს შეეხო, რომელთა საერთო მოცულობა დაახლოებით ხუთი მილიარდი ევრო იყო. ტონი მერფის თქმით, ახალი საბიუჯეტო სისტემის პირობებში, შესაძლოა, ამგვარი მაჩვენებლის შეფასებაც კი შეუძლებელი გახდეს, რადგანაც წევრი ქვეყნების აუდიტორულ ორგანოებს განსხვავებული უფლებამოსილებები და მუშაობის მეთოდები აქვთ. მისივე შეფასებით, ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების ეროვნული აუდიტორული ორგანოების საქმიანობა სრულად სანდო არ არის. მისივე თქმით, პრობლემა ისიცაა, რომ ერთ ფონდში, შეიძლება, გაერთიანდეს პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულება, რომლებსაც სრულიად განსხვავებული მიზნები, ვადები და განხორციელების მექანიზმები აქვთ, ხოლო მათი წინასწარ განსაზღვრა უფრო რთულია.
ცნობისთვის, ევროკავშირის ბიუჯეტის ხარჯების კონტროლის არსებული სისტემის სირთულე რამდენიმე გახმაურებულმა შემთხვევა წარმოაჩინა. მაგალითისთვის, საბერძნეთში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სოფლის მეურნეობის სუბსიდიები ყალბი საძოვრებისთვის გაიცა, ხოლო სლოვაკეთში სოფლად ტურიზმის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები მდიდრებისთვის განკუთვნილ ძვირად ღირებულ ვილებზე დაიხარჯა.