პოლონური რადიო – პოლონეთში ბოლო დღეებში თვითმფრინავებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ 20-ზე მეტი ცრუ შეტყობინება დაფიქსირდა

14:41, 06.11.2026

პოლონეთში ბოლო დღეებში სამგზავრო თვითმფრინავებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ 20-ზე მეტი ცრუ შეტყობინება დაფიქსირდა, – ამის შესახებ პოლონური რადიო ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია Eurocontrol-ზე დაყრდნობით იუწყება.

Eurocontrol-ი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც საჰაერო მოძრაობის კოორდინაციასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ორგანიზაციის მონაცემებით, 5 ნოემბერს ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ შეტყობინება 14 რეისზე მიიღეს, 3 ნოემბერს კი – შვიდ რეისზე.

ორგანიზაციის განცხადებით, ვითარებას აკვირდებიან და მჭიდროდ თანამშრომლობენ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან, საჰაერო ნავიგაციის მომსახურების მიმწოდებლებთან და ევროპის მასშტაბით მოქმედ სხვა ორგანიზაციებთან, რათა საჰაერო მიმოსვლის შესაძლო შეფერხებები მინიმუმამდე დაიყვანონ.

მანამდე ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ავიარეისებზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინებებს აკვირდებიან და ქვეყნებს მსგავსი ინციდენტების დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ შეტყობინებების გამო ევროპის არაერთ ქვეყანაში ავიამიმოსვლა შეფერხდა. კერძოდ, ჩეხეთში, რუმინეთსა და იტალიაში სამგზავრო თვითმფრინავები ავარიულად მას შემდეგ დაეშვნენ, რაც ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ შეტყობინებები მიიღეს.

მსგავსი