პოლონეთში უკრაინის სამ მოქალაქეს თავს დაესხნენ

14:09, 03.08.2026

პოლონეთში უკრაინის სამ მოქალაქეს თავს დაესხნენ, შემთხვევა პოლონეთის ქალაქ კოჟუხოვში მოხდა. ინციდენტს ვროცლავში უკრაინის გენერალური საკონსულო გამოეხმაურა.

საკონსულოს განცხადებით, ინციდენტის შედეგად უკრაინის სამი მოქალაქე დაშავდა.

„უკრაინის გენერალური საკონსულო კატეგორიულად გმობს სიძულვილის, ძალადობისა და აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაზარალებულებთან და მზად არის, საჭირო საკონსულო დახმარება გაუწიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა „InPoland.net.pl“-ის ინფორმაციით, ინციდენტი პირველი აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:25 საათზე იმ სასტუმროს ტერიტორიაზე მოხდა, სადაც უკრაინის მოქალაქეები ცხოვრობდნენ. დაზარალებულების თქმით, ისინი ავტომობილთან იდგნენ და უსმენდნენ როგორც უკრაინულ, ისე პოლონურ და უცხოურ სიმღერებს. ამ დროს გამვლელმა მამაკაცმა სიმღერის გამორთვისკენ მოუწოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მათი ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა დაიყვირა: „დაბრუნდი უკრაინაში!“ შემდეგ კი რამდენიმე მამაკაცთან ერთად დაბრუნდა და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

ბოლო დღეებში პოლონეთში უკრაინის მოქალაქეებზე თავდასხმის კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.  აპირველი გვისტოს პოლიციამ 76 წლის პოლონეთის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება 40 წლის უკრაინის მოქალაქე ქალზე თავდასხმა.

გამოძიების ინფორმაციით, მან ქალს თავში ორჯერ დაარტყა ხის ხელჯოხი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მანამდე კი ვროცლავში პოლონელი მამაკაცების ჯგუფი ახალგაზრდა უკრაინელ წყვილს, სავარაუდოდ, მათი აქცენტის გამო თავს დაესხა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მსგავსი