პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პოლონეთის კონსტიტუციას ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესად აცხადებს, ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა
პოლონეთში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც პოლონეთის კონსტიტუციას ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესად აცხადებს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მხოლოდ ვარშავაში ევროკავშირის წევრობის მხარდამჭერ დემონსტრაციაში 100 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დედაქალაქის გარდა, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის გდანსკში, პოზნანში, კრაკოვში და შჩეცინში.
ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად პოლონეთში უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ევროპაში პოლონეთის მომავალს საფრთხეს უქმნის.
„ჩვენ ვიცით, რატომ სურთ მათ ევროკავშირის დატოვება, რომ დაუსჯელად დაარღვიონ დემოკრატიული წესები“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა ვარშავაში დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
თავის მხრივ, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ევროკავშირიდან გასვლის საკითხი არ განიხილება.
გასულ კვირას პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირის შეთანხმების ზოგიერთი მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო. ამრიგად, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონზე მაღლა დგას. გადაწყვეტილება პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ხმათა უმრავლესობით მიიღო, თავი მხოლოდ ორმა მოსამართლემ შეიკავა.
ვერდიქტში ნათქვამია, რომ პოლონელი მოსამართლეები არ უნდა დაეყრდნონ ევროკავშირის კანონებს, რადგან ევროკავშირის კანონი არ არის უპირატესი და ამიტომ ის არ უნდა გამოიყენონ პოლონელმა მოსამართლეებმა კოლეგების დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად.