პოლონეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა პირველ სექტემბერსაა დაგეგმილი
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკისა და მისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის შეხვედრა ვარშავაში პირველ სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ კიევში ვიზიტისას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა. მისი თქმით, ის ამჟამად მოლაპარაკებების ორგანიზებაზე მუშაობს.
პირველ სექტემბერს პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავთან დაკავშირებით ცერემონია გაიმართება, რომელშიც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტებს ექნებათ მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა ვარშავაში ღონისძიების ფარგლებში“, – აღნიშნა ბოლტონმა.
კიევში ვიზიტისას ბოლტონმა ასევე შეშფოთება გამოთქვა გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გამო, რომელიც, მისი აზრით, ევროკავშირის რუსეთზე დამოკიდებულებას გაზრდის.
თავის მხრივ, ვლადიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებებში აშშ-ის ჩართვის სურვილი გამოთქვა. დონბასის საკითხზე ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებებში უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია მონაწილეობენ.