პოლონეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 44.8% მიიჩნევს, რომ დონალდ ტუსკი უნდა გადადგეს, პრემიერის გადადგომის წინააღმდეგია 43.3%
პოლონეთში United Surveys-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის აზრი თითქმის თანაბრად იყოფა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის შესაძლო გადადგომის საკითხთან დაკავშირებით. გამოკითხვის შედეგებს პოლონური მედია RMF24 აქვეყნებს.
გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 44,8% მიიჩნევს, რომ ტუსკი უნდა გადადგეს. ამის წინააღმდეგი არის 43,3%. ხოლო 11,9%-ს არ აქვს მკაფიო მოსაზრება პრემიერის გადადგომის თაობაზე.
ამასთან, მმართველი კოალიციის ამომრჩეველთა შორის 81%-ს არ სურს პრემიერის გადადგომა და მხოლოდ 9% უჭერს მხარს მის გადადგომას.
ოპოზიციის მხარდამჭერების 82% ითხოვს ტუსკის გადადგომას, მხოლოდ 7% ამის აუცილებლობას ვერ ხედავს, 11%-ს კი ამ საკითხზე მოსაზრება არ აქვს.
ცნობისთვის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა სეიმში დღეს გაიმართება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატი დამარცხდა.
კაროლ ნავროცკიმ, რომელსაც ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს მხარს, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 50.9 პროცენტი აიღო. მან მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი დაამარცხა, რომელმაც 49.1 პროცენტი მიიღო.