პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობები იზრდება – კვლევა

11:38, 01.07.2026
სამხედრო ტყვეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებმა ოდესაში, პოტიომკინის კიბეებთან, უკრაინის 100-მეტრიანი დროშა გაშალეს. 2026 წლის 28 ივნისი

სამხედრო ტყვეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებმა ოდესაში, პოტიომკინის კიბეებთან, უკრაინის 100-მეტრიანი დროშა გაშალეს. 2026 წლის 28 ივნისი

პოლონეთში გამოკითხული უკრაინელი მიგრანტები და ომს გამოქცეული ლტოლვილები თითქმის ერთხმად აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ მტრული დამოკიდებულება გაიზარდა. ეს მათაც ეხება, ვინც ქვეყანაში ათ წელზე მეტია ცხოვრობს ან პოლონეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული.

 

პოლონურმა არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკური კრიტიკის ინსტიტუტმა“ (Instytut Krytyki Politycznej) გამოაქვეყნა მის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში სახელწოდებით, „ჩვენ სახლში არ ვართ: უკრაინელი მიგრანტები და ლტოლვილები პოლონელებთან ურთიერთობის შესახებ“. ანგარიში მიგრაციის საკითხების მკვლევარმა, ოლენა ბაბაკოვამ და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა, პრემისლავ სადურამ მოამზადეს.

კვლევა ეფუძნება სიღრმისეულ ინტერვიუებს 25 უკრაინელ მიგრანტსა და ლტოლვილთან, რომლებიც სქესის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, დასაქმებისა და მიგრაციის მიზეზების მიხედვით განსხვავდებიან. რესპონდენტთაგან 14 პირი ომის გამო იქცა ლტოლვილად და პოლონეთში 2022 წლის შემდეგ ჩავიდნენ, ხოლო 11 პირი შრომითი მიგრანტია, რომლებიც ქვეყანაში ომამდე დასახლდნენ.

„თითქმის ყველა რესპონდენტი აღნიშნავს ანტიუკრაინული განწყობების ზრდას. მათ შორის არიან ისინიც, ვინც პოლონეთში ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს ან პოლონეთის მოქალაქეობა აქვს“, – წერენ ანგარიშის ავტორები და ხაზს უსვამენ, რომ ურთიერთობების გაცივებას ყველაზე კარგად ინტეგრირებული უკრაინელებიც კი გრძნობენ.

კვლევის ავტორების ცნობით, რესპონდენტთა უმრავლესობამ გარდამტეხ მომენტად პოლონეთის 2025 წლის საპრეზიდენტო კამპანია დაასახელა – სწორედ ამ პერიოდიდან გახდა ანტიუკრაინული განწყობები განსაკუთრებით თვალსაჩინო. თუმცა, ომამდელი მიგრანტების ნაწილს განსხვავებული შეხედულება აქვს: მათი აზრით, პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები არასდროს ყოფილა განსაკუთრებულად კარგი, 2022 და 2023 წლებში გამოხატული სოლიდარობა კი მხოლოდ გამონაკლისს წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები ყველაზე შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ ადგილებად სოციალურ ქსელებსა და ონლაინ ფორუმებს მიიჩნევენ, 2025 წლის დასაწყისიდან დაფიქსირებული მტრობის გაღრმავება, როგორც კვლევაშია ხაზგასმული, მხოლოდ ინტერნეტსივრცით არ შემოიფარგლება. მათი თქმით, ანტიუკრაინული განწყობები ახლა უკვე ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სფეროსაც მოიცავს. გამოკითხულები საუბრობენ დისკრიმინაციაზე, რომელსაც აწყდებიან სამუშაო ადგილებზე, აგრეთვე სკოლებში და ბინების დაქირავებისას, თუმცა ინციდენტების უმეტესობა საჯარო სივრცეებში, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება.

რესპონდენტების თქმით, ხშირად აგრესიის მიზეზი მხოლოდ უკრაინულ ენაზე საუბარი ან უკრაინული აქცენტი ხდება – პოლონელები ამის გაგონებაზე მტრულად რეაგირებენ, რაც შეიძლება სიტყვიერ შეურაცხყოფაში ან დაშინების მცდელობაში გამოიხატოს.

კვლევამ აჩვენა, რომ მსგავს ინციდენტებზე ტიპური რეაქცია დუმილია: 25 გამოკითხულიდან მხოლოდ ერთი შევიდა კონფლიქტში მოძალადესთან და მომხდარის ვიდეოზე ჩაწერა დაიწყო. „უკრაინელი მიგრანტები ხშირად პრევენციული ზომად საზოგადოებრივ სივრცეში საკუთარი ენის გამოყენებაზე უარის თქმას იყენებენ“, – წერენ ავტორები და დასძენენ, რომ თავდაცვის კიდევ ერთი საშუალება პოლონურად უაქცენტოდ საუბარია.

ანგარიშში ასევე აღწერილია ფართოდ გავრცელებული შემთხვევები, რომლებსაც თავად რესპონდენტები „ნეიტრალურად“ აფასებენ. მათ შორის სახელდება შემთხვევები, როდესაც ბინის მეპატრონეები უკრაინელებისთვის ბინის მიქირავებაზე უარს ამბობდნენ, ექიმები გამოთქვამდნენ მტრულ შენიშვნებს, რომლებიც მკურნალობასთან არ არის კავშირში, ხოლო უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი პოლონელი და უკრაინელი სტუდენტების შეფასებისას ორმაგ სტანდარტს იყენებდა.

“ავტობუსის გაჩერებებზე გაჟღერებულ შეურაცხყოფას რესპონდენტები უგულებელყოფდნენ ფრაზებით, როგორიცაა “ასეთია ცხოვრება” — იშვიათად გამოხატავდნენ აღშფოთებას ან მწუხარებას. უკრაინელები უბრალოდ თრგუნავენ ეროვნულობასთან დაკავშირებულ ნეგატიურ გამოცდილებას”, — წერენ ავტორები.

 

სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio)

ფოტოს ავტორი: ალექსანდრე გიმანოვი / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 30 ივნისი 2026, 15:00 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი