პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუსის მხრიდან სამმა შეიარაღებულმა ფორმიანმა პირმა მათი საზღვარი გადაკვეთა
პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუსის მხრიდან სამმა შეიარაღებულმა ფორმიანმა პირმა მათი საზღვარი გადაკვეთა

პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუსის მხრიდან სამმა შეიარაღებულმა ფორმიანმა პირმა მათი საზღვარი გადაკვეთა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პოლონეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლის, სტანისლავ ჟარინის განცხადებით, ინციდენტი 2 ნოემბერს, შუაღამეს მოხდა. პოლონელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე ფორმიანი სამი პირი შენიშნეს იარაღით ხელში. ჟარინის თქმით, პოლონეთის საპატრულო დანაყოფის მხრიდან კონტაქტის დამყარების მცდელობის შემდეგ, უცნობი პირები ბელარუსის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.

ამის გამო, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პიოტრ ვავჟიკის ცნობით, პოლონეთმა ბელარუსს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და ინციდენტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი განმარტებების გაკეთება მოსთხოვა.​ ვავჟიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსის ხელისუფლების მიერ ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელებული ქმედებები, მიზანმიმართული ესკალაციის აშკარა ნიშნებს ატარებს.

ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსის მხრიდან ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ვითარება რამდენიმე თვეა, დაძაბულია. ყოველდღიურად ასობით ადამიანი ცდილობს, არალეგალურად გადაკვეთოს პოლონეთთან საზღვარი და შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე.