პოლონეთმა ქვეყნის აღმოსავლეთით სამხედროების გადაყვანის პროცესი დაიწყო
პოლონეთმა ქვეყნის აღმოსავლეთით სამხედროების გადაყვანის პროცესი დაიწყო. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა, ქვეყნის აღმოსავლეთით 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა განლაგდება.
მისივე თქმით, ეს აჩვენებს ვარშავის რეაქციას ქვეყნის საზღვრებთან სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაზე საპასუხოდ.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, პოლონეთი და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე სახელმწიფოების ლიდერები შეშფოთებულები არიან, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებს ბელარუსში გადასვლა შესთავაზეს, შესაძლოა, რეგიონში არასტაბილური სიტუაციის გამომწვევი გახდეს.
„ვაგნერის“ მებრძოლების გარდა, პოლონეთს ასევე აწუხებს მიგრანტების პრობლემა, რომლებიც უკანონოდ ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას. გასულ კვირას 200 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.
ვარშავა ბელარუსს ხელოვნური საიმიგრაციო კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს. გასულ კვირას პოლონეთის მთავრობამ ბელარუსის საზღვრებთან 500 პოლიციელი გააგზავნა. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ ვარშავა ბელარუსთან სახელმწიფო საზღვარს გაამაგრებს.