პოლონეთმა, ეკონომიკური ზრდისა და ექსპორტის მაჩვენებლებით, გერმანიას გაუსწრო
საილუსტრაციო ფოტო
პოლონეთმა იაფფასიანი საწარმოო ჰაბის იმიჯი მოიშორა და ეკონომიკური ზრდითა და ექსპორტით გერმანიასაც უსწრებს – ამ ინფორმაციას გერმანული ყოველკვირეული გამოცემა „დი ცაიტი“ ავრცელებს, რომლის შეფასებითაც, „პოლონეთის, როგორც იაფი წარმოების ცენტრის მითი საბოლოოდ დაიმსხვრა“.
ჟურნალის ცნობით, 2025 წელს პოლონეთის ეკონომიკა 3.6%-ით გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (1.5%) და საგრძნობლად უსწრებს გერმანიის ზრდას (0.2%). ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდაც ახლავს თან.
პოლონეთში ერთი სამუშაო საათის განმავლობაში შექმნილი პროდუქციის მოცულობა „დინამიურად იზრდება“, აღნიშნავს ჟურნალი, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი გერმანიაში, უკვე რამდენიმე წელია, „თითქმის სრული სტაგნაციის მდგომარეობაშია“.
97 ბიზნესსექტორის ანალიზის საფუძველზე, „დი ცაიტმა“ დაადგინა, რომ მსოფლიო ექსპორტში პოლონეთის წილი 2024 წელს 1.8%-მდე გაიზარდა (2000 წელს დაახლოებით 0.5%-ს შეადგენდა), რის შედეგადაც ქვეყანა მსოფლიოს 20 უმსხვილეს ექსპორტიორს შორის მოხვდა. ამავე პერიოდში, პოლონეთის ექსპორტის საერთო ღირებულება ექვსჯერ გაიზარდა, მაშინ როცა გერმანიის ექსპორტის ზრდამ 75% შეადგინა. მართალია, გერმანიის ექსპორტის საერთო მოცულობა პოლონეთისას კვლავ აღემატება, თუმცა ჟურნალი განმარტავს, რომ მას პოლონეთზე ორჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს და „კაპიტალიზმის განვითარების 4 ათწლეულით მეტი გამოცდილება აქვს“.
პოლონეთის ექსპორტის ზრდა სხვადასხვა სექტორზეა გადანაწილებული და ერთ კონკრეტულ პროდუქტზე არ არის დამოკიდებული – როგორც ჟურნალი წერს, ქვეყნის წარმატება „კონკრეტულ საქონელს კი არა, არამედ მათ მრავალფეროვნებას ეფუძნება“.
„დი ცაიტი“ იუწყება, რომ პოლონეთს ხორცისა და თევზის პროდუქტების მსოფლიო ექსპორტში დაახლოებით 4%-იანი წილი აქვს, ხოლო თამბაქოს ნაწარმის ექსპორტში მისი წილი 10%-მდე მას შემდეგ გაიზარდა, რაც საერთაშორისო მწარმოებლებმა წარმოება პოლონეთში გადაიტანეს. ამავე პერიოდში გერმანიის წილი 6%-მდე შემცირდა. პოლონეთმა გერმანიას მარცვლეულის, სარეცხი მანქანებისა და აკუმულატორების ექსპორტშიც გაუსწრო.
გერმანული ჟურნალი პოლონეთის ეკონომიკური დინამიკის სხვა ნიშნებზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვაზე – მობილური გადახდების სისტემა BLIK-იდან დაწყებული, ონლაინ საჯარო სერვისებით დამთავრებული – და უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე. გამოცემას მაგალითად მოჰყავს „მერსედეს-ბენცის“ ქარხნის გაფართოება იავორში, „ამაზონის“ მზარდი ლოგისტიკური ქსელის შექმნა ქვემო სილეზიაში და „მაიკროსოფტის“ ინვესტიციები ვარშავის მიმდებარედ მონაცემთა ცენტრების განვითარებაში. „დი ცაიტი“ ცალკე გამოყოფს პოლონური კომპანიების საერთაშორისო ექსპანსიას, მათ შორის ლოგისტიკური კომპანია InPost-ის, ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის კომპანია LPP-ისა და სარკინიგზო მწარმოებელი Pesa-ს წარმატებებს.
როგორც ჟურნალი აღნიშნავს, ეკონომიკური ბალანსის პოზიტიური ცვლილება მიგრაციული ტენდენციების შემობრუნებას დაემთხვა: 2024 წელს, პირველად ისტორიაში, უფრო მეტი ადამიანი გადავიდა გერმანიიდან პოლონეთში, ვიდრე პირიქით. გარდა ამისა, პოლონეთი გახდა „გერმანიის სიდიდით მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი“, რომელმაც ჩინეთსაც კი გადაუსწრო. ბრექსიტის შემდეგ, პოლონეთი ასევე გახდა ევროკავშირის სიდიდით მეექვსე ეკონომიკა, რასაც ხელი შეუწყო უმუშევრობის დაბალმა დონემ და პროფესიონალურმა ახალგაზრდა სამუშაო ძალამ.
„დი ცაიტმა“ ასევე გააფრთხილა მკითხველი, რომ პოლონეთი კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა შორის გერმანულმა ჟურნალმა მოსახლეობის დაბერება, წიაღისეულ საწვავზე ძლიერი დამოკიდებულება და სახელმწიფო ვალის სიმძიმე დაასახელა.