პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვარშავა მხარს უჭერს ტრამპის მოთხოვნას, ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მშპ-ის 5% დახარჯონ, თუმცა ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა, ამისთვის ათი წელი დასჭირდეს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ვარშავა მხარს უჭერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მშპ-ის 5 პროცენტი დახარჯონ. თუმცა კამიში აღნიშნავს იმასაც, რომ ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა, ათი წელი დასჭირდეს ამ მიზნის მისაღწევად.
„ტრამპის მიზნის მიღწევას კიდევ ერთი ათწლეული დასჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, არ ღირს მისი კრიტიკა იმისთვის, რომ მან ნამდვილად ამბიციური მიზანი დასახა“, – აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა პოლონეთის მიერ 2022 წლის თებერვლის შემდეგ თავდაცვის ხარჯების გაორმაგებასა და იარაღის ყიდვაზე. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მთავრობას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
„ჩვენ ბევრი ვიყიდეთ, მაგრამ ჩვენი ადგილი რუკაზე ინვესტიციებსა და აღჭურვილობის შეძენას უბრალოდ აუცილებელს ხდის“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.