პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვისთვის მშპ-ის 5%-ს დაგეგმილზე ხუთი წლით ადრე, 2030 წლისთვის უნდა მიაღწიონ
ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვისთვის მშპ-ის 5%-ს დაგეგმილ ვადაზე ხუთი წლით ადრე, 2030 წლისთვის უნდა მიაღწიონ. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მისი თქმით, მოსკოვიდან მომდინარე საფრთხე იზრდება და ამის ფონზე თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2026 წელს პოლონეთი თავდაცვისთვის მშპ-ის 4.8%-ის დახარჯვას გეგმავს.
„ევროპას შეუძლია საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის განვითარება წარმოუდგენელი მასშტაბით, მაგრამ უნდა გვესმოდეს – ეს არის დღეს პრიორიტეტი. აზრი არ აქვს 2035 წლამდე ლოდინს, 5%-იან ნიშნულს 2030 წლისთვის უნდა მივაღწიოთ, რადგან შემდეგ, შეიძლება, უკვე გვიანი იყოს“, – განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე.
ცნობისთვის, 2025 წელს ნატო-ს წევრები თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ. ალიანსის 32 წევრის შეთანხმებით, თავდაცვის ხარჯების გაზრდა 2035 წლამდე უნდა მოხდეს.