პოლონეთის სეიმში უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილებების პროექტი შეიტანეს, რომლის დამტკიცებაც დაფინანსების მისაღებად ევროკომისიის პირობას წარმოადგენს
პოლონეთის სეიმში უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილებების კანონპროექტი შეიტანეს, რომლის დამტკიცებაც ევროკომისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს, რათა ქვეყანამ ევროკავშირისგან დაფინანსება მიიღოს. აღნიშნული კანონპროექტი სეიმის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ევროკავშირის საკითხებში პოლონეთის მინისტრის განცხადებით, ამ პროექტის განხორციელებით, პოლონეთი შეასრულებს ევროკომისიის უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ იქნას განხილული და არა უზენაესი სასამართლოს სპეციალური პალატის მიერ. აღნიშნული პალატა კი ადვოკატებისა და იურიდიული მრჩევლების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებს განიხილავს.
სამშაბათს ოპოზიციამ ვერ შეძლო იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორისთვის უნდობლობის გამოცხადება, რომლებსაც ოპოზიციური ძალები მთავარ დამნაშავედ მიიჩნევენ იმაში, რომ ქვეყანამ ამ დრომდე ვერ შეძლო 35 მილიარდი ევროს ოდენობით ევროპული სახსრების მიღება, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარებოდა.