პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი - არ შეიძლება, უკრაინას მოლაპარაკებები აიძულონ ან სამშვიდობო შეთანხმება მის ზურგს უკან გააფორმონ, როგორც 2008 წელს საქართველოსთან დაკავშირებით მოხდა
არ შეიძლება, უკრაინას მოლაპარაკებების გამართვა აიძულონ ან სამშვიდობო შეთანხმება მის ზურგს უკან გააფორმონ, როგორც ეს 2008 წელს საქართველოსთან დაკავშირებით მოხდა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა.
„არ შეიძლება, რომ მოხდეს ისე, როგორც საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს იყო, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი გაფრინდა მოსკოვში და მათ ერთად მოაწერეს ხელი, ასე ვთქვათ, მშვიდობას საქართველოში. ეს გაკეთდა საქართველოს მთავრობის ზურგს უკან და შედეგად, ქართული საზოგადოება საკუთარი პარლამენტის წინააღმდეგი იყო“, – განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის თქმით, მოლაპარაკებების წარმოებასთან ან რამე სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს და შეუძლებელია, რომ უკრაინას რუსეთთან შერიგება აიძულონ.
გოშევსკამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არასდროს ასრულებს მის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს.
„ის არ იცავდა იმ დებულებებს, რომლებიც ეხებოდა დაშორიშირების ხაზს საქართველოში და არასდროს იყო დაცული მინსკის შეთანხმებები“, – აღნიშნა მან.
„ვიტყვი, რომ ტერორისტებს არ ესაუბრებიან, ხოლო პუტინი და ყველა მისი თანამზრახველი – ღიად ტერორისტები არიან“, – განაცხადა პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა.