პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკა წერს, რომ თავად ხელმძღვანელობს ტრიბუნალს და აქამდე გაცემულ ნებართვებს აუქმებს

14:34, 31.10.2026

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის ვებგვერდზე მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკა ახალ განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მუშაობას თავად ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ყოფილი თავმჯდომარის, ბოგდან შვენჩკოვსკისა და მისი მოადგილის, ბართოლომეი სოხანსკის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მან პირველი გადაწყვეტილებებიც მიიღო.

ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ ანა კორვინ-პიოტროსკამ „კონსტიტუციური ტრიბუნალის ორგანიზაციისა და პროცედურის შესახებ კანონის მე-12 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის საფუძველზე“ გააუქმა აქამდე გაცემული ნებართვები.

„მე ვზღუდავ საკონსტიტუციო ტრიბუნალის კანცელარიისა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის იურიდიული სამსახურის დავალებების შესრულებას ჩემ მიერ მითითებული ამოცანებით“, — ნათქვამია განცხადებაში.

კორვინ-პიოტროვსკამ ასევე დაწერა: „ვაჩერებ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, მათ შორის ტრიბუნალის შტაბ-ბინაში სამსახურში გამოცხადებას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებსაც ვაცნობებ ტრიბუნალის შტაბ-ბინაში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ“.

პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვენჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, შვენჩკოვსკი უარს ამბობდა მოსამართლეთა საერთო კრების მოწვევაზე, ეს მოქმედებები კი საფრთხეს უქმნიდა ტრიბუნალის ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის ბიუჯეტის მართვასა და გადასახადების გადახდას. თუმცა უწყების სოციალურ ქსელ „იქსს“ ბოგდან შვენჩკოვსკის გუნდი აკონტროლებს, რომელთაც მალევე საპირისპირო განცხადება გაავრცელეს. მასში ნათქვამი იყო, რომ ვებგვერდი უკანონოდ მიიტაცეს და რომ ბოგდან შვენჩკოვსკი კვლავ საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარედ რჩებოდა, ანა კორვინ-პიოტროვსკა კი ტრიბუნალის მოსამართლე არ იყო.

საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული ბოგდან შვენჩკოვსკი სასამართლოში შეუშვეს. პარალელურად, პოლონეთის გენერალურმა პროკურორმა, ვალდემარ ჟურეკმა ტრიბუნალს ხუთი შუამდგომლობით მიმართა და შვენჩკოვსკისა და სოხანსკისთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობა ტრიბუნალის ამჟამინდელ შემადგენლობას ლეგიტიმურად არ მიიჩნევს. ტუსკის მთავრობამ სასამართლოს რეფორმირება და ახალი მოსამართლეების დანიშვნა სცადა, თუმცა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პარლამენტის მიერ 2026 წლის მარტში დანიშნული ექვსი მოსამართლიდან სამის ფიცის მიღებაზე უარი თქვა, ხოლო ბოგდან შვეჩკოვსკიმ უარი თქვა, ამჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეულ მოსამართლეებს დაეწყოთ მოვალეობის შესრულება. ამის შემდეგ ხუთმა მოსამართლემ, მათ შორის ანა კორვინ-პიოტროვსკამ, ფიცი პრეზიდენტის ფიზიკური დასწრების გარეშე დადო. შვენჩკოვსკი მათ ტრიბუნალის წევრებად არ აღიარებს. შედეგად, თვეების განმავლობაში პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალში ფაქტობრივად ორი ჯგუფი არსებობს, რომლებიც ერთმანეთს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

მსგავსი