პოლონეთის საგარეო უწყებამ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა
პოლონეთის საგარეო უწყებამ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„შეშფოთებული ვართ უკანასკნელი მოვლენებით საქართველოსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, მათ შორის გადასასვლელების ჩაკეტვით და სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურების წარმომადგენელი შეიარაღებული პირების მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მეთვალყურეთა დაკავების გამო.

ეს უკანონო ქმედებები კიდევ უფრო აუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც ტრაგიკულ ჰუმანიტარულ სიტუაციას. ამასთან, ეს არის იმ კონფრონტაციული პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოდან ატარებს ორივე – სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთის მთავრობა“.

პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.