პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის მშვიდობიანი რეინტეგრაციის კუთხით გადადგმული მამაცური ინიციატივა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის მშვიდობიანი რეინტეგრაციის კუთხით გადადგმული მამაცური ინიციატივა

ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნის საზღვრების შეცვლა არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ასეთი ქმედება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, – ამის შესახებ პოლონეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა. მან უკრაინის ვიცე-პრემიერ, პავლო როზენკოსთან,  ლიეტუვისა და ლატვიისა საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, აგვისტოს ომის 10 წლისთავზე რუსული ოკუპაცია საოკუპაციო ხაზთან გააპროტესტა.

მისი თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„აუცილებელია საერთაშორისო ძალისხმევისა და ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელება, რომლის მიზანიც კონფლიქტის პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით მოგვარებაა. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობით. ბევრი ადამიანი იძულებულია, საკუთარი სახლი მიატოვოს.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის შეთავაზებათა პაკეტს, რომ გააუმჯობესოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანების ცხოვრება. ველოდებით კონსტრუქციულ პასუხს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებისგან. სამშვიდობო ინიციატივა – ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ არის ნათელი და ძლიერი პოლიტიკური სიგნალი აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანებისთვის, ეს არის მშვიდობიანი რეინტეგრაციის კუთხით გადადგმული მამაცური ინიციატივა“, – განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერი, პავლო როზენკო საქართველოს გუშინ ესტუმრა. ამასთან, თბილისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩილიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ჩამოვიდნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.