პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გვჯერა, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გვჯერა, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოში ვიზიტით მყოფმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იაცეკ ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა, საქართველოში ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერთან ერთად ჩამოვიდა, ლეხ კაჩინსკისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრის თბილისში ვიზიტის მეათე წლისთავის აღსანიშნავად.

„მათ ათი წლის წინ საქართველოს მიმართ სოლიდარობის დემონსტრირება მოახდინეს. ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი თბილისში ჩამოვიდა, რათა შეეჩერებინა რუსი ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოში შეიჭრნენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენ ვიცით, რომ დღესაც საქართველო იგივე პრობლემების წინაშე დგას. ქვეყანა კვლავ დაყოფილია, თუმცა გვჯერა, რომ ჟენევის დისკუსიები და სხვა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ერთიანი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო”, – განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

მისივე თქმით, დასავლეთი მიესალმება საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ძალისხმევას მოახდინოს სისტემის რეფორმირება.

„კმაყოფილები ვართ, ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება საქართველოსთვის და უკრაინისთვის. მახსოვს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც მან საქართველოში წარმოთქვა. მან თქვა, რომ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი ჯერ არის საქართველო, შემდეგი იქნება უკრაინა, მესამე კი შესაძლოა, ბალტიის ქვეყნები და ასევე ჩემი ქვეყანაც პოლონეთიც გახდეს. ამ სიტყვის ნაწილი რეალობად იქცა, საბედნიეროდ, დასავლეთთან ინტეგრაციით ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის აგრესია. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაც. რამდენიმე დღის წინ აშშ-მ, პოლონეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლშიც განაცხადეს, რომ ყირიმის უკანონო ანექსიას არ აღიარებენ. ეს არის მკაფიო სიგნალი რუსეთისთვის, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მიუღებელია დასავლეთისთვის”, – განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.