პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუს დიპლომატებს პოლონეთის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეზღუდებათ
პოლონეთის ტერიტორიაზე რუს დიპლომატებს გადაადგილება შეეზღუდებათ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პოლონეთი შეზღუდვებს დაუწესებს ჩვენს ქვეყანაში რუსი დიპლომატების გადაადგილებას, რომელიც პოლონეთში რუსეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებს შეეხებათ“, – ამბობს სიკორსკი.
მინისტრმა დააკონკრეტა, რომ დიპლომატებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ მაზოვიაში, ხოლო კონსულებს იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში (სავოევოდოებში), სადაც თანამდებობებს იკავებენ.
„სხვა ქვეყნებს უკვე აქვთ მსგავსი წესები და ვიმედოვნებ, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ჩვენს მაგალითს“, – ამბობს სიკორსკი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლონეთს აქვს მტკიცებულება პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიის მცდელობებში მოსკოვის მონაწილეობის შესახებ. როგორც სიკორსკი ამბობს, ის იმედოვნებს, რომ რუსეთი ამას გამაფრთხილებელ სიგნალად მიიღებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ეხმაურება.
ზახაროვას თქმით, რუსეთში ჯერ არ იციან გადაწყვეტილების დეტალები და ელოდებიან შესაბამის ნოტას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
„როდესაც მივიღებთ, შევისწავლით და მივიღებთ შესაბამისს ზომებს, რათა რუსოფობიაში ჩაძირულმა პოლონურმა ელიტამ ინანოს მსგავსი ანტირუსული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ზახაროვამ.