პოლონეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა
პოლონეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, მარცინ პრჟიდაჩიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თავის პოლიტიკაში, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან და მის კონტექსტთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მემკვიდრეობაზე მითითებით, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოება სოლიდარობაზეა დამოკიდებული, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, პრეზიდენტმა ნავროცკიმ გადაწყვიტა, უნგრეთში ვიზიტი მხოლოდ ვიშეგრადის ჯგუფის პრეზიდენტების ესტერგომში სამიტით შემოიფარგლოს“, – განაცხადა პრჟიდაჩმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე, ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად, ნავროცკი ცენტრალური ევროპის რეგიონში უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე იმსჯელებს. პრჟიდაჩმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის პრეზიდენტი მუდმივად უჭერს მხარს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების რეალისტური გზების პოვნას.
მედიის ცნობით, 3 დეკემბერს ნავროცკი ორდღიანი ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრება, სადაც ვიშეგრადის ჯგუფის ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 4 დეკემბერს პოლონეთის პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით უნდა ჩასულიყო და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვედროდა.
ინფორმაციისთვის, 28 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთში გაემგზავრა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრისას ორბანმა განაცხადა, რომ სურს დეტალური მოლაპარაკებები რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდებაზე, რადგან ისინი უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია. რუსეთის პრეზიდენტმა კი ორბანს უთხრა, რომ კვლავაც მიესალმება სამშვიდობო შეხვედრის ბუდაპეშტში გამართვის იდეას და მადლობა გადაუხადა მას მასპინძლობის შეთავაზებისთვის.