პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკს მოუწოდა, ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელმა, ზბიგნევ ბოგუცკიმ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს მოუწოდა, ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ.
„მოგიწოდებთ, იპოვოთ გამბედაობა და შეასრულოთ თქვენი მოვალეობა – მოაწეროთ ხელი პრეზიდენტის დადგენილებას უკრაინის პრეზიდენტისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე“, – წერს ბოგუცკი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ბოგუცკი ტუსკს აკრიტიკებს, რადგან მან ხელი მოაწერა უკვე დანიშნული დამხმარე მოსამართლეების (ასესორების) საბუთებს – მისი თქმით, ამ ხელმოწერას არანაირი ძალა არ აქვს, რადგან, კანონისა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილების მიხედვით, დამხმარე მოსამართლეების დანიშვნა მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებაა და ტუსკის ხელმოწერას საერთოდ არ საჭიროებს.
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამით ტუსკი სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლას ცდილობს.
ცნობისთვის, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევა გადაწყვიტა, შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი დონალდ ტუსკსაც უნდა მოეწერა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ორდენი ამის გაკეთებამდე დააბრუნა.
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ თანხმობა განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდების მინიჭებაზე.