პოლონეთის პრეზიდენტი - ორბელიანების სასახლეში შეხვედრა დიდი წარმატება და დეპოლარიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ვიდეოზარით ესაუბრა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ორბელიანების სასახლეში ორგანიზებული წარმატებული შეხვედრა მიულოცა და დეპოლარიზაციისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.
„საუბრისას პრეზიდენტებმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, ასევე, სექტორული ინტეგრაციისათვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ურყევად მიუყვება ნატო-საკენ სავალ გზას. საჭიროა ასევე, მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობები კიბერუსაფრთხოების სფეროში“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვისას ისაუბრა რეგიონში ევროკავშირის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი, ისე, როგორც არასდროს ეკონომიკურ მნიშვნელობას იძენს, ამიტომ ევროკავშირმა მეტად უნდა ადევნოს თვალი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მნიშვნელოვანია, ისიც რომ ამ მიმართულებით რეგიონში საქართველო ევროკავშირის უმსხვილესი პარტნიორია.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და პოლონეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარება განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბაშვილმა ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონელი კოლეგა ანდჟეი დუდა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.