პოლონეთის მთავრობა რუსეთთან პატიმრების გაცვლის შემდეგ გააკრიტიკეს
პოლონეთის მთავრობა რუსეთთან პატიმრების გაცვლის პროცესში მონაწილეობის გამო გააკრიტიკეს.
როგორც ქვეყნის ყოფილმა შს მინისტრმა, პარტიის „კანონისა და სამართლიანობის“ წარმომადგენელმა, მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, მოლაპარაკებების შედეგად პოლონეთმა სარგებელი ვერ მიიღო.
მარიუშ კამინსკი პოლონეთის მთავრობის მეთაურს, დონალდ ტუსკს ადანაშაულებს იმაში, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ჟურნალისტის გათავისუფლებით ვარშავამ სანაცვლოდ არაფერი მიიღო.
კამინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები, სულ მცირე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„როგორც სადაზვერვო სამსახურების კოორდინატორი, ამერიკელებთან მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდი. რუსებისთვის გადასაცემად 2022 წლის თებერვალში ჩვენ მიერ დაკავებულ აგენტს, პაველ რუბცოვს ვთავაზობდი. სანაცვლოდ, ჩვენი მოთხოვნა იყო მსჯავრდებულ ანდჟეი პოჩობუტას გადმოცემა, რომელსაც ბელარუსში რვა წელი აქვს მისჯილი. ტუსკის გუნდმა რუსებს საკმაოდ გავლენიანი აგენტი გადასცა, სანაცვლოდ კი არაფერი მიიღო. სირცხვილია!“ – აცხადებს კამინსკი.