პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზბიგნევ ზიობროს აშშ-ში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის განმარტება მოსთხოვა

22:39, 14.07.2026

პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა, ვალდემარ ჟურეკმა აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურს მიმართა და იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზბიგნევ ზიობროს შეერთებულ შტატებში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის განმარტება მოსთხოვა.

ჟურეკმა შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.

„ძალიან გვაინტერესებს ამის გარკვევა“, – განაცხადა ჟურეკმა.

მისივე თქმით, ამერიკულ მხარეს ასევე აცნობა, რომ ზიობროს წინააღმდეგ პოლონეთში 26 სისხლის სამართლის ბრალდებაა წარდგენილი. ვალდემარ ჟურეკის ინფორმაციით, პოლონეთის ხელისუფლებამ ყოფილ მინისტრს პასპორტები გაუუქმა, ხოლო უნგრეთმა გააუქმა ლტოლვილის სტატუსი, რომელიც მას ვიქტორ ორბანის მთავრობის გადაწყვეტილებით ჰქონდა მინიჭებული.

ჟურეკის განცხადებით, ზიობროს აშშ-დან ექსტრადირების მოთხოვნა უკვე მომზადებულია და თითქმის 300 გვერდს მოიცავს. ამჟამად დოკუმენტი ინგლისურ ენაზე ითარგმნება.

„სავარაუდოდ, მოთხოვნის სრული ტექსტი დაახლოებით ერთ კვირაში იქნება მზად“, – აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, თარგმნის დასრულების შემდეგ პოლონეთის პროკურატურა ექსტრადირების ოფიციალურ მოთხოვნას ამერიკულ მხარეს პოლონეთსა და აშშ-ს შორის მოქმედი ექსტრადაციის შეთანხმების საფუძველზე გაუგზავნის.

მსგავსი