პოლონეთის გენპროკურორი – პრეზიდენტმა ნავროცკიმ ემოციების გასაღვივებლად სიტუაციით ისარგებლა, მიუღებელია მოსამართლეებზე თავდასხმა და შენობაში შეჭრა, იმედია, პროკურატურა შესაბამის ზომებს მიიღებს
პოლონეთის იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი ვალდემარ ჟურეკი იმედს გამოთქვამს, რომ პოლონეთის პროკურატურა ზომებს მიიღებს საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მიერ ძალის გამოყენებით შეღწევასთან დაკავშირებით.
ჟურეკი აცხადებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტის საქციელი სიტუაციის გამწვავებას ისახავდა მიზნად.
„მე ძალიან შეშფოთებული ვარ პრეზიდენტის საქციელით. ინტერნეტში ვიდეოები ვნახეთ და იმედი მაქვს, პროკურატურა შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან მიუღებელია პრეზიდენტის იმუნიტეტის მქონე პირისთვის ასეთი ქცევა – მოსამართლეებზე თავდასხმა და შეჭრა. დღეს კიდევ ერთხელ ვნახე სახელმწიფოს მეთაური, რომლისაც მრცხვენია“, — განაცხადა ვალდემარ ჟურეკმა.
ჟურეკმა ნავროცკის საქციელს ასევე „სკანდალური“ უწოდა.
„ყველამ ვნახეთ, ჩანაწერიც არსებობს, ამიტომ ჩემთვის ეს სკანდალური საქციელია. პრეზიდენტმა ქუჩაში ემოციების გასაღვივებლად სიტუაციით ისატგებლა“, — განაცხადა მან.
ცნობისთვის, პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო.
ამასთან, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო კაროლ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწვევს.