პოლონეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გერმანია პოლონეთის საზღვრებში მოქცეული მიწების დაბრუნებას აპირებს და ბერლინის ამ განზრახვის წინ წაწევას დონალდ ტუსკი ცდილობს
პოლონეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გერმანია პოლონეთის საზღვრებში მოქცეული მიწების დაბრუნებას აპირებს და ბერლინის ამ განზრახვის წინ წაწევას დონალდ ტუსკი ცდილობს

პოლონეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გერმანია იმ მიწების დაბრუნებას აპირებს, რომლებიც ახლა პოლონეთის საზღვრებშია მოქცეული. ამის შესახებ განცხადება ადამ გლაპინსკიმ პოლონურ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, „გერმანიას სურს, რაიმე ფორმით დაიბრუნოს წარსულში მისი კუთვნილი მიწები, რომლებიც ახლა პოლონეთის საზღვრებშია მოქცეული და დაიმორჩილოს იმ ქვეყნების სარტყელი, რომლებიც გერმანიასა და რუსეთს შორის მდებარეობს“.

როგორც პოლონეთის ეროვნული ბანკის მეთაური აცხადებს, ბერლინის ამ განზრახვის წინ წაწევას ცდილობს პოლონეთის ოპოზიციის ლიდერი დონალდ ტუსკი.

„წლების განმავლობაში ითქვა, რომ ბრიუსელის მიერ ტუსკისთვის დასახული ამოცანები არ მოიცავს მხოლოდ პოლონეთის მოქმედი ხელისუფლების გადაყენებას და ჩვენი ქვეყნის ევროზონაში გაწევრიანების გზაზე დაყენებას. როდესაც ეს მიზნები შესრულდება, ტუსკი დაბრუნდება ბიურსელში, გახდება ევროკომისიის პრეზიდენტი და გააძლიერებს ძალისხმევას ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, – განაცხადა პოლონეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა.

გლაპინსკი ასევე ამტკიცებს, რომ გერმანია და ევროკომისია ერთად მონაწილეობენ „შეთქმულებაში პოლონეთის მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ ამბობს უარს ბრიუსელი პოლონეთის კუთვნილი და პანდემიის შედეგების აღმოფხვრისთვის გამიზნული 35 მილიარდი ევროს ვარშავისთვის გადაცემაზე“.

„ევროკავშირს სურს, ეს ფული შემდეგ მთავრობას გადასცეს“, – თქვა პოლონეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირი პოლონეთისთვის 35 მილიონი ევროს გადარიცხვაზე უარს ამბობს, ვიდრე ბრიუსელსა და ვარშავას შორის შეთანხმებული პირობები არ შესრულდება და პოლონეთის ხელისუფლება არ შეცვლის კანონებს, რომლებიც ევროკავშირის აზრით, „საფრთხეს უქმნის პოლონეთის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლოებას“.