პოლონეთიდან გაქცეულ იუსტიციის ყოფილ მინისტრს უნგრეთმა ლტოლვილის სტატუსი ჩამოართვა
2022 წლის 11 ნოემბერს ვარშავაში გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია პოლონეთის მაშინდელი იუსტიციის მინისტრი, ზბიგნევ ზიობრო ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ორგანიზებული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დროს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, უნგრეთმა გააუქმა ლტოლვილის სტატუსი, რომელიც პოლონეთის იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზბიგნევ ზიობროსა და მის ყოფილ მოადგილეს, მარჩინ რომანოვსკის ჰქონდათ მინიჭებული.
სიკორსკის თქმით, ბუდაპეშტმა იგივე ნაბიჯი ზიობროს მეუღლის, პატრიცია კოტეცკა-ზიობროს წინააღმდეგაც გადადგა.
სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების წერილობითი დადასტურება უკვე მიიღო და დასძინა, რომ უნგრეთმა ამ სამეულის სამგზავრო დოკუმენტებიც გააუქმა.
ზიობრომ, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ამ სიახლეს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა.
კერძო ტელეკომპანია TelewizjaRepublika-სთან საუბრისას, მან განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მის სახელზე გაცემული ვიზა ძალაში რჩება მიუხედავად იმისა, გაუქმდა თუ არა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ის გაიცა. მან ასევე აღნიშნა, ეს ნაბიჯი პოლონეთის ამჟამინდელი მთავრობის ინიციატივით გადაიდგა.
პოლონეთის იუსტიციის ამჟამინდელმა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა, ვალდემარ ჟურეკმა, თავის მხრივ, განმარტა, რომ მისი უწყება სიტუაციას სწავლობს და ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს, რათა ორივე თანამდებობის პირი პოლონური სასამართლოს წინაშე წარდგეს.
მან ასევე დასძინა, რომ პოლონეთი აშშ-ის ხელისუფლებას მიმართავს კითხვით, შეუძლიათ თუ არა მოქმედი სამგზავრო დოკუმენტების არმქონე პირებს ქვეყანაში ლეგალურად დარჩენა.
ოთხშაბათს, 1 ივლისს, ვარშავის სასამართლომ ძალაში დატოვა ადრინდელი გადაწყვეტილება ზიობროსთვის წინასწარი პატიმრობის მისჯის შესახებ.
კერძო ტელეკომპანია Polsat News-თან გაკეთებულ კომენტარში, პოლონეთის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ექსტრადიციის მოთხოვნას ელოდება და დასძინა, რომ ურჩევნია წარდგეს ამერიკული სასამართლოს წინაშე, რომელიც, ვარშავის სასამართლოსგან განსხვავებით, „მიკერძოებული არ არის“.
ზიობრო პოლონეთის იუსტიციის ფონდში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების საქმეში ეჭვმიტანილად ფიგურირებს. გამოძიება მას 26 სავარაუდო დანაშაულს ედავება, მათ შორის – დაქვემდებარებულთათვის კანონის დარღვევის დავალების მიცემას, რათა გრანტები მისთვის სასურველ ორგანიზაციებზე გადაენაწილებინათ.
მაისში მან დაადასტურა, რომ აშშ-ში იმყოფებოდა, მანამდე კი რამდენიმე თვე უნგრეთში გაატარა, სადაც ის და მისი მეუღლე, ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში, საერთაშორისო დაცვით სარგებლობდნენ.
მოგვიანებით, ზიობრო მილანიდან ნიუ-იორკში გაფრინდა ვიზით, რომელიც მასზე, როგორც უცხოური მედიის წარმომადგენელზე, გაიცა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ტელეკომპანია TelewizjaRepublika-ს პოლიტიკურ კომენტატორად მუშაობის დაწყებას აპირებდა.
რომანოვსკიმ კი, რომელიც ასევე ფიგურირებს იუსტიციის ფონდის საქმეში და რომელზეც დაკავების ევროპული ორდერია გაცემული, უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი 2024 წლის დეკემბერში მიიღო.
მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი გაურკვეველია: ბუდაპეშტის ბინა რომანოვსკიმ მაისის ბოლოს დატოვა და პოლონური მედიის ცნობით, მას შემდეგ ის სერბეთსა და ხორვატიაში შენიშნეს.
ივნისის ბოლოს, სერბეთის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ მზად არის, ამ საქმეზე პოლონეთთან ითანამშრომლოს, თუმცა ვერ დაადასტურა, იმყოფებოდა თუ არა რომანოვსკი ქვეყანაში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, როგორც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამდე, ისე მთავრობის მეთაურის პოსტის დაკავების შემდეგ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ძებნილ პირებს ბუდაპეშტი თავშესაფარს არ მისცემს.
სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio)
ფოტოს ავტორი: ვოიტეკ რადვანსკი / სააგენტო „ფრანს-პრესი“
წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)