პოლონეთი უერთდება ევროკავშირის სატელიტურ ქსელს, რომელიც „სტარლინკის“ კონკურენტად განიხილება

11:44, 22.07.2026
ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი

ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი

პოლონეთმა IRIS²-ში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. IRIS², ანუ „მდგრადობის, ურთიერთკავშირისა და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სატელიტური ინფრასტრუქტურა“ არის ევროკავშირის თანამგზავრული ქსელის შექმნის პროგრამა, რომელსაც ბრიუსელი ამერიკული „სტარლინკის“ ალტერნატივად მოიაზრებს.

 

ახალ სატელიტურ სისტემაში შევა დედამიწის დაბალ და საშუალო ორბიტაზე განთავსებული დაახლოებით 290 თანამგზავრისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მთავრობებსა და სამხედრო ძალებს უსაფრთხო, შეფერხებისგან დაცული კავშირით უზრუნველყოფს.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარცინ კერვინსკიმ და ევროკომისარმა თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა შეთანხმებას სამშაბათს, 21 ივლისს მოაწერეს ხელი.

„ეს იქნება სრულიად დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებასა და სრულ ავტონომიას გარანტირებულად უზრუნველყოფს“, – განაცხადა კერვინსკიმ ვარშავაში გამართულ ხელმოწერის ცერემონიაზე.

მისივე თქმით, პოლონეთი ევროპაში IRIS²-ის სატელიტური „თანავარსკვლავედის“ შექმნისა და უსაფრთხო საკომუნიკაციო ქსელის „ექვსი მთავარი მონაწილიდან ერთ-ერთი“ იქნება.

პოლონელი მინისტრის განმარტებით, ევროკავშირს საკუთარი, მდგრადი საკომუნიკაციო სისტემა სჭირდება და ამ საჭიროების საფუძველს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი, ბუნებრივი კატასტროფები და ჰიბრიდული საფრთხეები წარმოადგენს. მისი ვარაუდით, ამ საფრთხეების სამიზნედ შეიძლება თავად საკომუნიკაციო ქსელებიც იქცეს.

პოლონეთის წვლილი IRIS²-ის შექმნაში პროგრამის ღირებულების დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს, ხოლო ქვეყნის წილი თითქმის 600 მილიონ ევროს უტოლდება, რომელიც ევროკავშირის აღდგენის გეგმის ფარგლებშია გამოყოფილი.

თავის მხრივ, კუბილიუსმა ევროკავშირის თანამგზავრული ქსელის შექმნის პროგრამასთან პოლონეთის მიერთებას უწოდა „დიდი დღე“ თავად პოლონეთისთვის, ასევე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგისა და მთლიანად, ევროკავშირისთვის.

„კოსმოსში ინვესტირებით პოლონეთი ფულს საკუთარ უსაფრთხოებაში, ეკონომიკასა და მომავალში აბანდებს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს შეთანხმება ქვეყანას აღმოსავლეთ ფლანგზე „მამოძრავებელ ძალად“ აქცევს.

საბოლოო ჯამში, IRIS² უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს ევროკავშირის მთავრობებისა და ინსტიტუტებისთვის, ასევე ფართოზოლოვან ინტერნეტს ბიზნესისა და მოსახლეობისთვის, მათ შორის – ცუდი კავშირის მქონე რეგიონებშიც.

პირველი სერვისების ამოქმედება 2029 წელს არის დაგეგმილი.

„სტარლინკს“, რომელსაც ილონ მასკის „სფეის იქსი“ მართავს, უკრაინის საბრძოლო მოქმედებებისთვის საკვანძო მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა ამერიკელი ბიზნესმენი, გადამწყვეტ მომენტებში კიევისთვის მასზე წვდომის შეზღუდვის გამო, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

ბოლო დროს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა რუსული ძალები იმაში დაადანაშაულეს, რომ თავდასხმების დროს დრონების სამართავად „სტარლინკის“ ტერმინალებს იყენებდნენ.

 

სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio)

ფოტოს ავტორი: ვოიტეკ რადვინსკი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 21 ივლისი, 2026 წელი, 14:05 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი