პოლონეთი – რას უკავშირდება საკონსტიტუციო ტრიბუნალის ირგვლივ განვითარებული მოვლენები
პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო კრიზისი სათავეს 2015 წელს იღებს და რეალურად ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის – „კანონისა და სამართლიანობის“ და „სამოქალაქო პლატფორმის“ მცდელობაა, საკუთარი კადრებით დააკომპლექტონ ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ორგანო. სასამართლო ორგანო 15 მოსამართლისგან შედგება და თითოეულის უფლებამოსილება 9 წლით განისაზღვრება.
ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც არჩევნებში დამარცხებამდე ცოტა ხნით ადრე, მმართველმა „სამოქალაქო პლატფორმამ“ სცადა საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი ახალი მოსამართლის ვადაზე ადრე, წინასწარ არჩევა, რათა მომავალში პარტიას „კანონი და სამართლიანობა“ სასამართლოზე კონტროლი არ მოეპოვებინა. თუმცა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ და პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უარი თქვეს „სამოქალაქო პლატფორმის“ მიერ არჩეული მოსამართლეების ფიცის მიღებაზე და მათ სანაცვლოდ ხუთი ახალი მოსამართლე თავად დანიშნეს.
ამასთან, პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ გაატარა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რამაც, პოლონური მედიის აზრით, სასამართლოს დამოუკიდებლობა შეასუსტა. 2021 წლისთვის კი, სასამართლოს 15-ვე წევრი უკვე პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მიერ იყო დანიშნული. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ (ECHR) და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) ეს საკონსტიტუციო სასამართლო არაალეგიტიმურად და არადამოუკიდებლად ცნეს.
მას შემდეგ, რაც 2023 წელს, არჩევნებში კვლავ დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმამ“ და პროევროპულმა კოალიციამ გაიმარჯვა, დაიწყო სასამართლოს რეფორმირებისა და „უკანონოდ დანიშნული“ მოსამართლეების ჩამოშორების პროცესი.
2026 ოქტომბერში ტუსკის მთავრობამ და სეიმმა საკონსტიტუციო სასამართლოში რვა ახალი მოსამართლე აირჩია. თუმცა, წინა ხელისუფლების დროს დანიშნულმა ტრიბუნალის თავმჯდომარემ, ბოგდან შვენჩკოვსკიმ და ტრიბუნალის თავმჯდომარის მოადგილემ, ბართლომეი სოხანსკიმ, რვიდან მხოლოდ ხუთ მოსამართლეს მისცეს ტრიბუნალში თავიანთი მოვალეობის შესრულების დაწყების უფლება, სამს კი – არა.
საპასუხოდ, ახლად არჩეულმა მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ დროებით შეაჩერა შვენჩკოვსკის უფლებამოსილება და მათთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა.
გუშინ ღამით პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო.
ამასთან, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო კაროლ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწვევს.