პოლონეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს
პოლონეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს

პოლონეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები, პოლონეთში რუსეთის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომელიც დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„გადაწყვეტილება მიღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მხარე გაავრცელებს”, – განუცხადა პოლონეთში რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის მსგავსად რუსი დიპლომატების გაძევებას ევროპის სხვა ქვეყნებიც აპირებს. ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ელჩები გამოიძახეს.

გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქალაქ სოლსბერიში, ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის უკან რუსეთი დგას.

დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც სკრიპალების მოწამვლაში რუსეთს ღიად ადანაშაულებს, ქვეყნიდან უკვე გააძევა 23 რუსი დიპლომატი.