პოლონეთი: პროკურატურა 66 წლის მამაკაცს ხელისუფლების ძალისმიერი გზით დამხობის დაგეგმვაში ადანაშაულებს
პოლიციელი ლეშჩიდოლ-ნოვინიში მუშაობს შემთხვევის ადგილზე, სადაც 15 წლის მოზარდმა 2026 წლის 8 ოქტომბერს თავისი ყოფილი სკოლის მზრუნველს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ორი სხვა ზრდასრული პირი დაჭრა
კშიშტოფ ნ.-ს 9 დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. მათ შორის არის პოლონეთის სახელმწიფო ხელისუფლების, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა საბჭოს ძალადობრივი გზით დამხობის დაგეგმვა, მის მიერ შეგროვებული ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით. ამ დანაშაულისთვის პოლონეთის კანონმდებლობა 2-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დანარჩენი ბრალდებები შეეხება კშიშტოფ ნ.-ს მიერ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს და პოსტებს, რომლებითაც ის ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებას, პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას, უკრაინაში აგრესიულ ომს და ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი თუ პოლიტიკური კუთვნილების მოტივით ჩადენილ დანაშაულებს უწევდა პოპულარიზებას.
მამაკაცი კვირას, 11 ოქტომბერს დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკისას, აღმოაჩინეს ათზე მეტი საგანი, რომლებიც თავდაპირველად თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებად მიიჩნიეს; ზოგიერთი მათგანი ფრაგმენტაციულ ხელყუმბარას (ე.წ „ლიმონკა“) წააგავდა.
სამართალდამცველებმა ასევე იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთები, რომლებიც, თავდაპირველი ვერსიით, სასიგნალო ან პნევმატურ იარაღად მიიჩნევა. გარდა ამისა, ნაპოვნია ეჭვმიტანილთან კონტაქტში მყოფი პირების სია და კომპიუტერული ტექნიკა. ციფრული მასალა ექსპერტიზაზე გაიგზავნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალები ექსტრემისტული ჯგუფის შექმნაზე მიუთითებს, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების პოპულარიზებას ეწეოდა. ეჭვმიტანილის განცხადებით, ჯგუფი სამი ქვედანაყოფისგან უნდა შემდგარიყო, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე ფორმირების პროცესში იყო. კშიშტოფ ნ.-ის დაკავებიდან მალევე, ფეისბუკზე მრავალი მისი პოსტი და ვიდეო წაიშალა.
დაკავებულმა მამაკაცმა ბრალდებები უარყო და განმარტების მიცემაზე უარი თქვა. კშიშტოფ ნ.-ის თქმით, არ ესმის, რა დანაშაულების ჩადენას ედავებიან. მან ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ, შესაძლოა, მოგვიანებით მისცეს ჩვენება.
როგორც პროკურორმა, პიოტრ ანტონი სკიბამ განაცხადა, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ჯგუფი უცხოური დაზვერვის სამსახურების მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა გამოძიება ამ ვერსიაზეც მუშაობს.
საქმეებს, რომლებშიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ მოწოდების შემცველი სხვადასხვა ონლაინპოსტი ფიგურირებს, ბოლო კვირების განმავლობაში კელცეს საოლქო პროკურატურა იძიებდა. სამშაბათს ეს საქმეები ვარშავის პროკურატურას გადაეცა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ პოლიციამ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და ვიცე-პრემიერ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო თავდასხმის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
იმავე დღეს, შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ანტიტერორისტულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა პოლიციის, სახელმწიფო დაცვის სამსახურისა და შიდა უსაფრთხოების სააგენტოს მონაწილეობით.