პოლონელმა მეცნიერებმა პლაზმაზე დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მეთოდი დააპატენტეს

13:16, 13.09.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

პოლონელმა მკვლევრებმა მოიპოვეს პატენტი ცივი ატმოსფერული პლაზმის ფორმულაზე, რომელიც მოსავალს ბაქტერიული დაავადებებისგან იცავს და ქიმიური პესტიციდების პოტენციურ ალტერნატივას წარმოადგენს.

ეს მეთოდი მიმართულია ისეთი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიცაა პომიდვრის ბაქტერიული ლაქიანობა, ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ბოსტნეულის ბაქტერიული სველი სიდამპლე და ჯვაროსან (კომბოსტოსებრ) მცენარეთა შავი სიდამპლე.

მკვლევრების თქმით, შესაძლებელია, ხსნარის შემადგენლობა და პლაზმური დამუშავება კონკრეტულ სამიზნე ბაქტერიულ სახეობებს მოერგოს.

გდანსკის უნივერსიტეტის ცნობით, მიღებული ნაერთები მოკლევადიანი მოქმედებისაა, რაც ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი გარემოში ტოქსიკური ნარჩენების დაგროვებას არ გამოიწვევს.

კვლევის კოორდინატორმა, ვოიცეხ შლედზმა (Wojciech Śledź), რომელიც გდანსკის უნივერსიტეტის თანამშრომელია, დაადასტურა, რომ მისმა გუნდმა მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლის ახალი მეთოდი შეიმუშავა. „ჩვენ გამოვიყენეთ ცივი ატმოსფერული პლაზმა, რაც შესაძლებელს ხდის, მინერალური მარილების მარტივ წყალხსნარებს ანტიმიკრობული თვისებები მივცეთ“, – აღნიშნა მან.

შლედზის თქმით, მისი გუნდი განსაკუთრებით იმ ფაქტმა დააინტერესა, რომ პრეპარატმა ეფექტიანად შეზღუდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მცენარის პათოგენის, მათ შორის სავალდებულო კონტროლს დაქვემდებარებული ბაქტერიების, გავრცელება.

სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „პოლონეთის რადიო“(Polskie Radio)

ფოტოს ავტორი: ფრედ ტანო, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი (Polska Agencja Prasowa)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი, 2026 წელი, 16:20 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი