პოლონელმა კანონმდებლებმა აბორტის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას დაუჭირეს მხარი
პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატა - სეიმი
სამშაბათს, 20 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (სეიმი) მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დანაშაულად აღარ ჩაითვლება ქალის თანხმობით აბორტის ჩატარება და მისთვის აბორტის გაკეთებაში დახმარება, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც ნაყოფს მძიმე ანომალიები აქვს.
კანონპროექტს ხმა მისცა 217-მა კანონმდებელმა, წინააღმდეგი იყო 213, ხოლო სამმა დეპუტატმა თავი შეიკავა. დოკუმენტს ახლა პარლამენტის ზედა პალატა (სენატი) განიხილავს.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მმართველი კოალიციის მხარდამჭერმა დეპუტატებმა 2024 წლის ივლისში წარადგინეს, ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას და იმ მუხლების გაუქმებას, რომელთა მიხედვითაც, ქალის თანხმობით ორსულობის შეწყვეტა 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კანონპროექტი ასევე აუქმებს 3 წლამდე ვადით პატიმრობას ნებისმიერი პირისთვის, ვინც ორსულ ქალს კანონის დარღვევით აბორტის გაკეთებაში ეხმარება ან მის გაკეთებაზე დაიყოლიებს.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, ექიმებს, ექთნებსა და ბებიაქალებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, თუ ორსულობა შეწყდება სამედიცინო ჩარევის შედეგად, რომელიც აუცილებელია „ქალის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად“.
ეს დებულება ასევე გავრცელდება შემთხვევებზე, როდესაც პრენატალური გამოკვლევები ან სხვა სამედიცინო მონაცემები ნაყოფის მძიმე და შეუქცევადი ანომალიების ან განუკურნებელი დაავადების არსებობის მაღალ ალბათობაზე მიუთითებს, რაც ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ეს იყო პოლონელი კანონმდებლების მორიგი მცდელობა, მოეხდინათ აბორტის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია. ანალოგიურმა კანონპროექტმა 2024 წლის ივლისში ხმათა უმრავლესობა ვერ მოიპოვა.
ამჟამად პოლონეთში აბორტი ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ „ორსულობა ქალის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის“. აბორტი ასევე დასაშვებია, თუ ორსულობა დანაშაულებრივი ქმედების, მაგალითად, გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად დადგა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ორსულობის შეწყვეტა ორსულობის მე-12 კვირამდეა ნებადართული.
20 ოქტომბერს პოლონეთის პარლამენტის წევრებმა ასევე დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც აბორტის დაშვების საფუძვლად ნაყოფის ანომალიების არსებობას კვლავ აღადგენს. კანონპროექტს მხარი 233-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 203, ერთმა კი თავი შეიკავა.
მძიმე და შეუქცევადი ანომალიების ან განუკურნებელი დაავადების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, აბორტი პოლონეთში 2021 წლის იანვრიდან არის აკრძალული. აკრძალვა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც გამოქვეყნდა საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აბორტის ეს საფუძველი არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.